საზოგადოება

რატომ კლავენ დედები შვილებს

23 დეკემბერი, 2011 • 4930
რატომ კლავენ დედები შვილებს

რატომ კლავენ დედები შვილებს და როგორია მკვლელი დედის ფსიქოსოციალური პორტრეტი? – ამ საკითხების გამოსაკვლევად შესაბამისი კვლევა „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ (ძდექ) განახორციელა.

კვლევის ფარგლებში, ინდივიდუალური ინტერვიუს გზით, გამოიკითხნენ  23–დან 30 წლამდე ქალბატონები, რომლებიც სასჯელს იხდიან ჩვილ ბავშვთა მკვლელობისათვის.

23 წლის ქალბატონი სასჯელს იმის გამო იხდის, რომ ახალშობილი, რომელიც სახლის საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ ნაგვის ყუთში დამალა, მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

ქალბატონი მშობლებთან და და–ძმასთან ერთად ერთ–ერთ რაიონში ცხოვრობდა, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, არ დაუმალავს, რომ მამა ხშირად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასსა და დედამისზე. ქალბატონი ქორწინების გარეშე დაფეხმძიმდა, საგულდაგულოდ მალავდა. ამიტომაც ჩუმად, საკუთარი სახლის საპირფარეშოში იმშობიარა, თუმცა იმის გამო, რომ მშობიარობის შედეგად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ აღიარა, რომ იყო ფეხმძიმედ და მიუთითა ადგილი – ნაგვის ყუთი, სადაც გადამალა ბავშვი. ბავშვი აღმოჩენისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მკვლევარები ამბობენ, რომ სწორედ ამ ტიპის შემთხვევებია ყველაზე გავრცელებული, როცა საუბარია ნეონატიციდური (ახალშობილის მკვლელობა დედის მიერ, მისი დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში) დედების ზოგად პორტრეტზე:

– მშობიარობენ დაუხმარებლად, მარტო, ჩუმად;

– უმრავლესად სახლში, საპირფარეშოში;

– მკვლელობა არ არის წინასწარ განზრახული, მკვლელობა რეაქტიულია – პანიკა.

მკვლელობის მოტივიაა არასასურველი ბავშვის მოცილება, ხოლო მკვლელობის მეთოდებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება რესპირატორული გზების გადაკეტვა – ბავშვის პირველი ტირილის ჩასახშობად, რომ ხმა არავინ გაიგოს და საიდუმლო ორსულობა ან ბავშვის არსებობა არ გამოაშკარავდეს.

მკვლევარებმა ნეონატიციდური დედების მეორე ტიპიც გამოიკვლიეს, როდესაც მკვლელობის მოტივი, ასევე, არასასურველი ბავშვის მოცილებაა, თუმცა ამ შემთხვევაში მკვლელობა დედას ბავშვის დაბადებამდე აქვს განზრახული. ასე იყო იმ ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც ფეხმძიმედ იყო, როდესაც ციხეში აღმოჩნდა. დაკავების დროს განქორწინებული იყო და ერთი ბავშვიც ჰყავდა. არ გაუმხელია, რომ ორსულად იყო და პენიტენციალური დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა: ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, რის შედეგადაც ჩვილმა მიიღო ფატალური თავის ტრავმა. ქალბატონი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, ამბობს, რომ ყოფილი მეუღლისგან არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

მკვლევარები ამბობენ, რომ ნეონატიციდური დედების არც ერთ კატეგორიაში (ტიპი I, ტიპი II) მკვლელობა არ არის განპირობებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით. ამ ქალებს (საქართველოს კვლევის მონაწილეებს, ისევე, როგორც სხვა შესწავლილ  შემთხვევებს) არ აქვთ  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, არასოდეს უმკურნალიათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ არიან აღრიცხვაზე და ა.შ.

სამაგიეროდ, ფსიქიატრიულ სიმპტომებს ამჟღავნებს ფილიციდური (ბავშვის მკვლელობა ბიოლოგიური მშობლის მიერ, როდესაც მას როლი ოჯახში უკვე დამკვიდრებული აქვს) დედების 66%, ხოლო 40%-ზე მეტს მიუმართავს ფსიქიატრისთვის/ფსიქოლოგისთვის შვილის მკვლელობამდე.

24 წლის ქალბატონი სასჯელს 5 წლის შვილის მკვლელობისთვის იხდის.  მან შვილს ეზოში ნივთის გატანა დაავალა. ბავშვს სახლში შესვლა დააგვიანდა, გაბრაზებული დედა შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. დარტყმის და აგრესიული ქცევით შეშინებულმა ბავშვმა გონება დაკარგა და ძირს დაეცა. დედამ შვილი სახლში შეიყვანა დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაუცნობიერებლად დასცა ძირს, დაუწყო გულმკერდზე დაწოლა და ცდილობდა მისთვის პირი გაესხნა. როდესაც ვერაფერს გახდა, დაურეკა მეუღლეს, რომელსაც შვილი  უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში მკვლელობა არის აგრესიის, დასჯის სასტიკი მეთოდების გამოყენების შედეგი და პირველადი განზრახვა უკავშირდება დისციპლინის დამყარებას და არა – მკვლელობას.

მკვლევარები საუბრობენ მეორე შემთხვევაზეც, როდესაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ვითარდება და მკვლელობა ხდება მწვავე აფექტის/ფსიქოზის მომენტში, როცა ბავშვზე აგრესიული რეაგირების (მკვლელობის) არანაირი მიზეზი, ან გამომწვევი ფაქტორი არ არსებობს.

მაგალითად, ერთმა ქალბატონმა თავისი მცირეწლოვანი შვილი  მეორე სართულის აივნიდან იმის გამო გადააგდო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა. ქალბატონი ამჟამად 26 წლისაა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

მკვლევარები მიუთითებენ, რომ ორივე განხილულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის შემთხვევებს მკვლელი დედების მიმართ.

მკვლელი დედების ზოგადი პორტრეტი პირველად ფილიპ რესნიკმა გამოიკვლია. მან 1751–დან 1967 წლამდე მსოფლიო მასშტაბით 168 შემთხვევა შეისწავლა. საქართველოში ამ ტიპის კვლევა პირველად წელს ჩატარდა სწორედ რესნიკის და სხვა მკვლევარების მასალების გამოყენებით.

1976–დან 2005 წლამდე აშშ–ში 5 წლამდე ასაკის 3000 ბავშვზე მეტი იქნა მოკლული საკუთარი მშობლების მიერ. საქართველოში ამ ტიპის სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი