
დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ საზღვარგარეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიების საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელებს “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონი გააცნო.
პაპუნა დავითაიამ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს პირველად 2011 წლის მარტში წარუდგინა. მისი თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობა დღემდე საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არ ყოფილა, კანონის მიღების შემთხვევაში კი მათ “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის” ოფიციალური სტატუსი მიენიჭებოდათ.
კანონი, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო, ძალაში 2012 წლის 1 მარტიდან შევა.
2012 წლის მარტიდან ყველა, ვისაც გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან და საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ საქართველოს აღიარებს, უფლებამოსილია მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.
სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა საკონსულოებს უნდა მიაკითხონ, ამის შემდეგ მათ გადაეცემათ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვადასხვა პრივილეგიებით შეეძლებათ სარგებლობა, მათ შორის უფლება ექნებათ, ვიზის გარეშე გადმოკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თითო გადმოკვეთის შემდეგ დარჩნენ ქვეყანაში ერთი თვის ვადით, ასევე, სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ და დიასპორების მიერ მოწყობილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებში.
როგორც პაპუნა დავითაიამ განმარტა: “საქართველოს თანამემამულეებს ეს მოწმობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობაში, თუმცა ამ პრივილეგიებს შორის არ არის არჩევნებში მონაწილეობის უფლება”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მსოფლიოში მსგავსი მოწმობების გაცემის პრეცენდენტი საკმაოდ მცირეა:
“რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მსგავს მოწმობას თავის მოქალაქეებზე მხოლოდ ინდოეთი გასცემს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. დღევანდელ შეხვედრაზე კი საკონსულოებს განემარტათ, თუ როგორ და რანაირად მოხდება კანონის ცხოვრებაში გატარება. ისინი მაქსიმალურად უნდა შეეცადონ სტატუსის მიღების მსურველ ხალხთან ურთიერთობას”.
ანკარაში საქართველოს საელჩოს ვიცე კონსულის, გელა ჯაფარიძის თქმით, კანონი ჯერ ახალია და კიდევ უნდა დაიხვეწოს:
“კონკრეტულად თურქეთთან საქართველოს მოქალაქეებს ისედაც უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, თურქეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და უფრო აქტიური კონტაქტი ექნებათ სამშობლოსთან მაშინ, როდესაც საბუთით მათი ფიქსირება მოხდება.”
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი 2011 წლის იანვარში გამოცხადდა. როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ კონკურსში ჰერალდიკოსმა, მამუკა გონგაძემ გაიმარჯვა.
20– გევრდიანი მოწმობა მწვანე შეფერილობისაა. ყველა გვერდზე სხვადასხვა გამოსახულებაა დატანილი, მათ შორისა, განახლებული სიღნაღი, ძველი თბილისი, ვარძია, სოხუმი და ა.შ.
თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის აღება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.






