საზოგადოება

სად და როგორ ნაძვის ხეს შეიძენთ 2012 წლისთვის

15 დეკემბერი, 2011 • 4393
სად და როგორ ნაძვის ხეს შეიძენთ 2012 წლისთვის

ახალი, 2012 წლისთვის მხოლოდ იმპორტირებული, ხელოვნური ან სპეციალურ სანერგეებში მოყვანილი ნაძვის ხეები გაიყიდება.

საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო, თუმცა ბუნებრივი ნაძვის ხეები გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ.

ყოვეწლიურად ნაძვის ხეების გასაყიდად გარკვეული ტერიტორიების გამოყოფა ხდება.
ერთ–ერთი ასეთი ადგილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი აცხადებს, ჯერჯერობით, ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნა არ ყოფილა:

“როგორც წესი, ყოველ წელს მეწარმეების თუ კერძო კომპანიების მხრიდან არის ხოლმე მოთხოვნა ნაძვის ხეების გასაყიდად კონკრეტული ტერიტორიის გამოსაყოფად, მერია ამ თხოვნას ითვალისწინებს და მათ საშუალებას აძლევს, პროდუქცია გამყოფილ ადგილებში გაყიდონ. წელს კონკრეტული მომართვა არ გვქონია, თუმცა ველოდებით და თუკი მოგვმართავენ, მერია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იზრუნებს”.

გიორგი ქორქაშვილის განცხადებით, ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაში ადგილზე არანაირი გადასახადი არ იქნება საჭირო:

“ოფიციალური ნებართვა დოკუმენტალურად არ გაიცემა, თუმცა იმის გამო, რომ გარევაჭრობა ძალიან მკაცრად კონტროლდება, მომართვის გარეშე ნაძვის ხეების გაყიდვა ვერ მოხერხდება”.

დროებითი ნებართვები არა მარტო ნაძვის ხეების, არამედ სხვდასხვა სეზონური პროდუქციის, მაგალითად, ყურძნის გასაყიდადაც გაიცემა.

სურვილის შემთხვევაში, კონკრეტულმა პირმა ან კომპანიამ ზედამხედველობის სამსახურს უნდა მიმართოს.

წელს მკაცრად გაკონტროლდება ბუნებრივი ნაძვის ხის გაყიდვაც, როგორც გიორგი ქორქაშვილი აცხადებს, კონტროლი საბაჟოდან იწყება:

“საბაჟო აკონტროლებს, რომ ნერგების შემოტანისას პიროვნებამ წარმოადგინოს მცენარის ფოტოსანიტარული ნორმის დამცველი დოკუმეტი. შემოტანის შემდეგ, ქალაქში გადაადგილების შემთხვევაში კი, გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ეცნობოს”

ხელოვნური ნაძვის ხეების გაყიდვა კი დინამოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ნაძვის ხეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.

როგორც გამყდველები აცხადებენ, ჯერჯერობით ნაძვის ხეებზე მოთხოვნა ნაკლებია, თუმცა მყიდველების რიცხვის გაზრდას ელიან, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება და ნაძვის ხე დინამოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ადგილზე იყიდება. მათი თქმით, ნაძვის ხეებზე ფასები შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა.

ხელოვნური ნაძვის ხეები უკვე იყიდება მაღაზიებშიც, აქ ფასები გაცილებით დიდია და საშუალოდ 100–დან 350 ლარამდე მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი