ნეტგაზეთი | “ლაზიკა” გაეროს კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე “ლაზიკა” გაეროს კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე – Netgazeti
Batumelebi | RU

“ლაზიკა” გაეროს კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე

კოლხეთის დაბლობი, სადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა; ამ ადგილზე ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას გადამფრენი ფრინველები დასასვენებლად სხდებიან.

კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის დაბლობი, სადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა; ამ ადგილზე ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას გადამფრენი ფრინველები დასასვენებლად სხდებიან.

კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც პრეზიდენტის თქმით, ქალაქი ლაზიკა უნდა აშენდეს, დაახლოებით 29.000 ჰა ხმელეთის ნაწილს და 14.000 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. წყაროების მიხედვით, ეს ადგილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის შემორჩენილი ნაშთია, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ კაინოზოურ ხანაში ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული, გამყინვარების პერიოდის შემდეგ კი, რაც 10.000 წლის წინ მოხდა, აქ გავრცელდა და დღემდე შემორჩა შორეულ ჩრდილოეთის ჰავას შეგუებული მცენარეები.

1935 წელს ამ ადგილას, განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების არსებობის გამო, ნაკრძალი დააარსეს, 1996 წელს კი, მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს რამსარის კონვენციას შეუერთდა, კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო მნიშვნელობის დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა.

კონვენცია, რომელსაც 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში 18-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, წყალჭარბი ტერიტორიების დაცვას, მათ გამოყენებასა და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. კანონის მიღებიდან ორი წლის შემდეგ კი, კოლხეთის ეროვნულმა პარკმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს გლობალური დაცვის ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირება დაიწყო.

ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი ქალაქის მშენებლობა სწორედ ამ ტერიტორიაზე იგეგმება. პრეზიდენტი ზუგდიდელებთან უნიკალური ჭაობების ამოშრობაზეც საუბრობდა:

“ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ათ წელიწადში აქ იქნება მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრებელი და ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი თბილისის შემდგომ და იქნება მთავარი სავაჭრო კომერციული და ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში, მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე მომავალ წელს, გაზაფხულიდან, დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, ახალი პორტის მშენებლობას ანაკლიის გაყოლებაზე, სადაც არის ყველაზე კარგი კანიონი შავ ზღვაზე და ყველაზე ღრმა წყლები, ამიტომ მოსახერხებელია საზღვაო პორტის მშენებლობისთვის. ჩვენ გავიყვანთ გზებს, შევიყვანთ წყალგაყვანილობას იმ ნაწილში, სადაც ჭაობებია; დავაშრობთ ჭაობებს და რამდენიმე ათას ადამიანს უკვე მომავალ წელს დავასაქმებთ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაზე, შექმნაზე და საფუძვლის ჩაყრაზე”.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება გარემოს დამცველ ორგანიზაციებში განსჯის საგანი გახდა. არსებობს თუ არა მსგავსი პროექტი და მისი განხორციელების შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ნაკრძალად გამოცხადებულ ეროვნული პარკის ტერიტორიას? _ ამ კითხვაზე ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “არგომედიას” ხელმძღვანელი, ირაკლი აბსანძე, რომელიც დიდი ხანია, გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს, პასუხობს, რომ “ამ ყველაფერში ლოგიკის პოვნა” უჭირს.

“ეს არის გამყინვარების დროინდელი ეკოსისტემა, რომელიც მხოლოდ ორ ადგილას გვხვდება პლანეტაზე და განუზომლად უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე აეროპორტი ან თუნდაც დიდი ქალაქის მშენებლობა.

საქართველოს პარლამენტს აქვს რატიფიცირებული რამსარის კონვენცია, რომელიც იცავს ამ ტერიტორიას, როგორც წყალჭარბ ტერიტორიას, რომელიც მნიშვნელოვანია გადამფრენი ფრინველებისათვის, როგორც დასვენების პუნქტი. დაახლოებით ერთი მეხუთედი მთელი ფრინველებისა, რომლებიც აფრიკა-ევრაზიის მარშრუტით დაფრინავენ, ისვენებს აქ, ამ პარკში.
პრეზიდენტის თქმით, ადგილი, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, ფოთის საზღვრიდან ათი კილომეტრის დაშორებითაა. ლოგიკურად ძნელია დასაბუთება, რაშია საჭირო ახალი ქალაქი იქ, სადაც არსებობს მეორე ქალაქი, რომელზეც დიდი ხანია ამბობენ, რომ რეგიონის ინდუსტრიულ ცენტრად უნდა იქცეს. ფაქტობრივად, გაორება გამოდის, ათი კილომეტრის დაშორებით ორი დიდი ინდუსტრიული ცენტრი წარმოუდგენელია” – ამბობს აბსანძე.

პრეზიდენტის თქმით, კოლხეთის დაბლობზე ახალი ქალაქის მშენებლობას 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება და ამ ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში. მიხეილ სააკაშვილმა ყველა ქართველს, მათ შორის, უცხოეთში წასულებსა და აფხაზეთიდან დევნილებს, მოუწოდა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. მან ისიც აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. არქიტექტორებისთვის კი, ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში მსოფლიოს მასშტაბით კონკურსი გამოცხადდება.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა რადიო “ამერიკის ხმა”. ამ რადიოს ვებგვერდის ცნობით: “ახალი ქალაქის – ლაზიკას მშენებლობა კოლხეთის ეროვნულ პარკში არსებული ჭაობების დაშრობასაც ითვალისწინებს. ეს იდეა პოპულარული ჯერ კიდევ 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო, ამის შესახებ მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა ღიად განაცხადა. მოგვიანებით კოლხეთის ჭაობების დაშრობის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ლავრენტი ბერიას. ზუსტად ერთი წლის წინ კი, კახეთში სტუმრობისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანალოგიური განცხადება გააკეთა.

ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა, თუ როგორ აპირებს ახალი ქალაქის მშენებლობას ისე, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში უნიკალური და ულამაზესი ეკოსისტემა არ განადგურდეს. ლაზიკას აშენებამდე კი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ქალაქად ანაკლია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიაში სულ 3000-მდე მცხოვრებია, 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიას ქალაქის სტატუსი მაინც მიენიჭა”.

გეგმის არარსებობის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც: „…ამ პროექტის მიმართ მკვეთრად ნეგატიურია ეკოლოგების დასკვნა. მეორე – მშენებლობები უნდა დაიწყოს 2012 წლის გაზაფხულზეო, ეს იმას ნიშნავს, რომ –  როგორც მინიმუმ, პროექტი უკვე შეთანხმებულია, ხარჯთაღრიცხვა გაწერილია და მაქვს ეჭვი, რომ ამ ქალაქის მშენებლობისა და პროექტირებისთვის განსაზღვრული თანხა უკვე მუშაობს. ფაქტია, რომ როცა მსგავსი განცხადებები კეთდება, პირველი ეჭვი, რაც შეიძლება გაჩნდეს, ეს არის –  ხომ არ ირეცხება რაიმე შავი ფული საქართველოში?!“

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას”წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, “რამსარის კონვენციის დარღვევა კონკრეტულ სანქციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ მსგავსი ქმედება შეიძლება სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აისახოს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე, გაზეთი "ბათუმელები"