,,მომავლის კლასები”, ,,ჭკვიანი დაფები”, ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები, პედაგოგთა ხელფასების ზრდა, მანდატურის სამსახურის გაფართოება, სტუდენტური დასაქმების პროგრამა, მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა და სხვა–ესგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის პრიორიტეტებია, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლისთვის განსაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე კეთდება: ეს არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს. ასევე, გეგმის მიხედვით, საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.
ასევე, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაუფინანსოს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგროვილი კრედიტები უღიაროს.
მომავალი წლისთვის სამინისტრო VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას და ამ კლასებისთვის ახლი გრიფირებული სახელმძღვანელოების შეიქმნას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ გრიფირებული წიგნების ფასი 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
“ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.
მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი ელექტრონული სტრატეგია(E-strategy), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.
გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.
გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.
გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ: 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.
2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.
გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული,”–განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ სამომავლო გეგმებისა, რაც მან 2012 წლისთვის დასახა.




