საზოგადოება

“სპილო ოთახში”

6 დეკემბერი, 2011 • 2178
“სპილო ოთახში”
“სპილო ოთახში”– ამ სახელწოდების აქცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

კონკურსი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, გენდერული ძალადობის და შიდსის საკითხების ირგვლივ საზოგადოების მობილიზებას ისახავს მიზნად.

სახელი “სპილო ოთახში” შემთხვევითი არაა: პრობლემები, რომლებსაც აქცია ეძღვნება, იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია, საზოგადოება მას ვერ ამჩნევდეს, ისევე, როგორც შეუძლებელია, ვერ შეამჩნიოთ სპილო ოთახში.

თითო გუნდი 4 ადამიანისგან შედგება, მათ ფოტორეპორტაჟის, სტატიის, სლოგანისა და ფლეშმობის გაკეთება ევალებათ მიღებულ თემაზე, თემები კი განსხვავებულია და ძირითადად შიდსს, ჰომოფობიასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა პრობლემებს ეხება.

აქციის მონაწილე ერთ–ერთმა გუნდმა დღეს, 5 დეკემბერს, მრგვალ ბაღში პატარა მარათონი მოაწყო, ხოლო რუსთაველის მეტროს წინ ფლეშმობი თემაზე “გზები, რომლებსაც ვერ ვირჩევთ”.

მარათონში მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც გუნდის ლიდერი, მარიამ კორინთელი ამბობს, მონაწილეების მიერ გადასალახ თითოეულ ბარიერს თავისი დატვირთვა ჰქონდა:
შემდეგ მონაწილე ამსხვრევდა თეფშს, ანუ სიმბოლურ სტერეოტიპს, გაივლიდა დახაზულ კლასობანას, რომლის თითო უჯრაც თითო ცხოვრებისეული დაბრკოლებაა, ავიდოდა კიბეზე და მოწყვეტდა ვარსკვლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყევლას შეუძლია საკუთარ მიზანს მიაღწიოს და ბოლოს ვარსკვლავზე წერდნენ, ვის რა უნდა, რომ გამოვიდეს.”

მარათონის გამარჯვებულს საჩუქრად ვირჯინია ვულფის წიგნი, “საკუთარი ოთახი” გადაეცა.

მას შემდეგ, რაც მარათონი დასრულდა, ჯგუფმა რუსთაველის მეტროს წინ ფლეშმობი მოაწყო. შეკრებილმა ახალგაზრდებმა თეთრი ფურცლების გამოყენებით  დაწერეს 50/50, რაც გენდერულ თანასწორობას გამოხატავს, ნულის ნაცვლად სქესის გამომხატველი სიმბოლოები იყო გამოყენებული.

საბოლოოდ, როდესაც დავალებების შესრულებას ათივე გუნდი დაასრულებს, ორი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ერთ–ერთი ორგანიზატორის, გიორგი ცხვარაშვილის განცხადებით, გუნდებს კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად საზოგადოებაც შეაფასებს:

“ფოტ ნამუშევრების და ესსეების მიღება დღეს მთავრდება, შემდეგ ეს ყველაფერი ინტერნეტ–სივრცეში დაიდება და შეფასება დაიწყება. საბოლოოდ ორი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, ერთი facebook-ის ლაიქების მიხედვით, ხოლო მეორე ჟიურის რჩეული გუნდი.
ჟიური კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ მონაწილეებს. ესენია– საკითხის აქტუალობა, კრეატიულობა, პრობლემის არსის სწორად წარმოჩენა, ხარისხი და ა.შ.“

ჟიურის რჩეულებს საჩუქრად ნეტბუქები გადაეცემათ, ხოლო facebook-ის გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს ipod-ი.

აქციის ორგანიზატორები გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) და კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია (CSMA) არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი