საზოგადოება

ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისთვის

29 ნოემბერი, 2011 • • 1585
ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისთვის

დღეს, 30 ნოემბერს, 11 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო ინიციატივას სტუდენტების ხელმისაწვდომ დაზღვევასთან დაკავშირებით.

პროფკავშირების ინიციატივა გულისხმობს “საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების” შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. პროფკავშირების პრესსამსახურის ცნობით, ცვლილებების პაკეტი მომზადდა ახალგაზრდული პროექტის – ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის” – ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული დეპარტამენტი რამდენიმე თვეა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

კანონპროექტი, რომლის პრეზენტაცია და საზოგადოებრივი განხილვა თვენახევრის წინ სასტუმრო „რადისონში“ შედგა, ითვალისწინებს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების 100 ათასზე მეტი სტუდენტის უზრუნველყოფას ჯანმრთველობის დაზღვევის პოლისით. საქართველოს პროფკავშირების განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სოციალური დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი გარანტიით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. ამისთვის შეიქმნება სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა ძირითად და მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებას მოიცავს.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საზოგადოებას სთავაზობს საკმაოდ კარგ გასაღებს იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდების ჯანმრთელობა იყოს დაცული,“ – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, – „მე ვთხოვ ყველა დაინტერესებულ პირს, ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს, ხელი შეუწყოს ამ კანონ–პროექტის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოს ყველა სტუდენტი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი.“

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ხვალ, 11 საათზე, სტუდენტებთან ერთად შეიტანენ. იქვე გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ინიციატივის ავტორები საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებს განმარტავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი