საზოგადოება

ბრიჯიტ ბარდო საქართველოში ცხოველთა დაცვის შესახებ

8 ნოემბერი, 2011 • 2347
ბრიჯიტ ბარდო საქართველოში ცხოველთა დაცვის შესახებ
ცნობილმა მსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს, გიგი უგულავას ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მოხეტიალე ცხოველების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფოდან ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება და მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ცხოველთა დამცველმა ქვეყნის ამ პოლიტიკას სასტიკი, უშედეგო და არაადამიანური უწოდა. ის თბილისის მერს სთხოვს, რომ განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა, რომელიც შემდეგ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული:
1. მოხეტიალე ცხოველების ხოცვის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
2. ცხოველებთან მუშაობის პროფესიონალიზებული ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა ცხოველთა ტანჯვას;
3. ცხოველთა თავშესაფრის გახსნა, რომლის მართვაც დაევალება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცხოველების დაცვაზე მუშაობენ და რომელთა საქმიანობაც არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაკავშირებული კომერციულ კომპანიებთან;
4. ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციისა და დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირების პროგრამის დანერგვა;
5. საზოგადოების მგრძნობელობის ასამაღლებლად პროგრამების შემუშავება, რათა გაადვილდეს იდენტიფიცირებული ცხოველების შვილება ან თავისუფლებაში გაშვება.
ბრიჯიტ ბარდომ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ითანამშრომლებს საერთაშორისო ასოციაციებთან და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
წერილის ასლი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს გაეგზავნა.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ბრიჯიტ ბარდოს ფონდი „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“(GSPSA) არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენება და დოკუმენტები 2011 წლის ოქტომბერში გაუგზავნა, შემდეგ კი ორგანიზაციამ პარიზში შეხვედრა გამართა ბრიჯიტ ბარდოს ფონდის წარმომადგენლებთან.
1970–ანი წლებიდან მსახიობი ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც საკუთარი თანხებით დააფუძნა. ფონდი ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში ცხოველთა კეთილდღეობისთვის იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი