საზოგადოება

WHO: ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

2 ნოემბერი, 2011 • 1157
WHO: ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი  გაიზარდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,  მსოფლიოს მასშტაბით  ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 7.6 მილიონი ბავშვი იღუპება. სიკვდილიაონობის მთავარი მიზეზი დაბადებიდან რამდენიმე თვეში შეძენილი დაავადებებია, როგორებიცაა: პნევმონია, დიარეა, მალარია და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

WHO- მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია დავადების პრევენციისა და თავიდან აცილების იაფი და ეფექტური გზები.

ბავშვთა  სიკვდილიანობის მაღალი რისკი ნეონატალურ პერიოდში (დაბადებიდან 28 დღის მანძილზე) არსებობს. უსაფრთხო დაბადება და ნეონატალურ პერიოდში ბავშვზე ზრუნვა არის მთავარი პრევენცია ჩვილის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად. ბავშვებში გამოვლენილი სიკვდილის დაახლოებით 40%-ს სწორედ ნეონატალურ პერიოდში ვხვდებით – ხაზგასმულია WHO-ს მიერ მომზადებულ მასალაში.

ნეონატალურ პერიოდში დაღუპვის მიზეზი შესაძლოა გახდეს ვადამდელი დაბადება, ასფიქსია (სუნთქვის ნაკლებობა) და სხვადასხვა ინფექციები. ხოლო ბავშვის სიცოცხლის პირველი ხუთი წლის მანძილზე სიკვდილის მაპროვოცირებელი შესაძლოა იყოს პნევმონია, დიარეა და მალარია.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მიზეზია კვების ნაკლებობა. დაღუპული ბავშვების ერთი მესამედის დაღუპვის მთავარ მიზეზად კვების ნაკლებობა სახელდება, რაც მათ მოწყვლადს ხდის მძიმე დაავადებების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმულია ის რისკჯგუფები, სადაც მეტია ბავშვთა სიკვდილიანობის გამოვლენის ალბათობა. გეოგრაფიულად მაღალი რისკის მატარებელია აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ბავშვთა სიკვდილიანობის რაოდენობის სამი მეოთხედი სწორედ ამ ქვეყნებში დაფიქსირდა.

ქვეყნის ფარგლებში კი სიკვდილიანობა მაღალია სოფლებსა და ღარიბ და ნაკლებად მცოდნე ოჯახებში.

როგორც აღვნიშნეთ, მაღალი რისკის მატარებელნი არიან ახალშობილები. დაახლოებით 3 მილიონი ახალშობილი იღუპება მისი ცხოვრების პირველ თვეებში და ამდენივე გარდაცვლილი იბადება.

ბავშვის დაბადებამდე დედას შეუძლია, უზრუნველყოს ჩვილის ჯანმრთელობა მისი მუცლადყოფნის დროს. მშობელმა უნდა ჩაიტაროს რეგულარული კონსულტაციები, ტეტანუსის წინააღმდეგ აცრა და თავი აარიდოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებას.

დაბადების პროცესი უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმმა, დაბადების შემდეგ ბავშვზე ზრუნვა აუცილებელია. ბავშვის სუნთქვა და ძუძუთი კვება უნდა უზრუნველვყოთ, ასევე მნიშვნელოვანია, ჩვილი იყოს თბილად და ყოველთვის სუფთა ხელებით შეეხოთ მას – წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, სწრაფად განვსაზღვროთ ახალშობილის დაავადება და მყისიერი ზრუნვა განვახორციელოთ. ჩვილი, რომელიც ავადაა, სწრაფად უნდა უზრუნველყოთ სწორი მკურნალობით.

რაც შეეხება 5 წლანდე ბავშვებში გამოვლენილ დაავადებებს, უმეტესობა ამ დაავადებებისა შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ სახლიდან გაუსვლელად, მარტივი და იაფი პროცედურებით.

მსოფლიოში 20 მილიონი ბავშვი იტანჯება არასრულფასოვანი კვების გამო, რაც მათ სერიოზული დაავადებების წინაშე მოწყვლადს ხდის. 2010 წლის მონაცემებით, 171 მილიონ ბავშვს შეექმნა სიმაღლეში ზრდის პრობლემა და 104 მილიონი ბავშვი წონის ნაკლებობას განიცდიდა. ძუძუთი კვება და ამ საკითხის მოწესრიგება მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი