საზოგადოება

ალექსანდრე შალამბერიძე: „განათლების სამინისტრო გახდა შპს“

2 ნოემბერი, 2011 • 1048
ალექსანდრე შალამბერიძე: „განათლების სამინისტრო გახდა შპს“

დასაქმების მაძიებელ პედაგოგთა უფასო რეგისტრაციის მოთხოვნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ათამდე მოქალაქემ აქცია გამართა.

„უმუშევარ პედაგოგებს, რომლებიც სამინისტროში მაძიებლად რეგისტრირდებიან, სამინისტრო 25 ლარს ახდევინებს. ამით მთავრდება ყველაფერი. ეს ადამიანი ან დასაქმდება, ან – არა. 25 ლარი კი უმუშევარი პედაგოგისთვის არის ძალიან დიდი თანხა“, –ამბობს „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე, რომელიც დღეს რამდენიმე გაერთიანების წარმომადგენელთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის გასამართად მივიდა.

საპროტესტო აქციაზე უმუშევარ პედაგოგთა 25 –ლარიან რეგისტრაციას „თავისუფალ ასოციაციათა კავშირში“ გაერთიანებული „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“ და „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ აპროტესტებდნენ.

„ველოდებით სამინისტროსგან პასუხს, თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა სულ რეგისტრაცია ამ ერთი წლის განმავლობაში. მერე შევადარებთ სკოლებიდან გამოყრილი პედაგოგების რიცხვს. ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ სამინისტრომ დავალება მისცა დირექტორებს, გამოყარონ პედაგოგები და ხელახლა მოხდეს მათი რეგისტრაცია. სამინისტრო გახდა შპს, რომელიც უმუშევარ პედაგოგებს ფულს სძალავს“, –ამბობს შალამბერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი