საზოგადოება

კორესპოდენტთა ვახშამი – როდესაც აშშ-ის პრეზიდენტები ჟურნალისტებისათვის ხუმრობენ

2 მაისი, 2016 • 2139
კორესპოდენტთა ვახშამი – როდესაც აშშ-ის პრეზიდენტები ჟურნალისტებისათვის ხუმრობენ

“ზოგიერთი პოლიტიკოსი იმდენად მნიშვნელოვანიც არ არის, რომ საკუთარი ხუმრობა დაიმსახუროს,” – ვაშინგტონ ჰილტონის დარბაზში გამართულ კორესპონდენტთა ვახშამზე ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ყურადღებას ყველა ვერ იმსახურებს და იქ შეკრებილ პრივილეგირებულ საზოგადოებას მისი ენამახვილობის მოსმენის საშუალება გარკვეული მიზეზების გამო ეძლევა. “იმედია, რომ ეს ჩემი ბოლო და უკანასკნელი ვახშამია ამ რანგში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია 1920 წლიდან, ყოველ წელს, აპრილის ბოლო შაბათს, ვახშამსა და მიღებას აწყობს. მიღებას ესწრებიან მოქმედი პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ჟურნალისტები, მედიის სხვა წარმოამდგენლები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომელთა სია ყოველ წელს იზრდება და ვახშმის ორგანიზატორებს ამისათვის სულ უფრო მეტად საყვედურობენ.

1962 წლამდე საღამოს მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ, თუმცა მას მერე, რაც პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ უარი განაცხადა საღამოზე გამოსვლაზე, თუ აკრძალვა არ მოიხსნებოდა, მიღებაზე ქალი კორესპონდენტებიც გამოჩნდნენ.

ბარაკ ობამა კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე. 30.04.15 ფოტო: EPA/OLIVIER DOULIERY/POOL

ბარაკ ობამა კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე. 30.04.15 ფოტო: EPA/OLIVIER DOULIERY/POOL

საღამოს ჰყავს თავისი მასპინძელი, რომელიც ყოველ წელს იცვლება. როგორც წესი, ეს სტატუსი წილად სხვადასხვა კომიკოსს, მსახიობს, ან ღამის შოუს წამყვანს ხვდება ხოლმე. კორესპოდენტთა ვახშამზე დღემდე არაერთი კონტრავერსული ხუმრობა გაისმა. მასპინძლები მისასალმებელ სიტყვაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კონგრესის კრიტიკას არ ერიდებიან.

წელს სტუმრებს “კომედი ცენტრალის” (Comedy Central) ერთ-ერთი შოუს წამყვანმა, ლარი ვილმორმა უმასპინძლა. მისმა მისასალმებელმა სიტყვამ მედიის წარმომადგენლები გააღიზიანა, თუმცა 2006 წელს, სტივენ კოლბერის ცნობილი გამოსვლის შემდეგ დანარჩენი წამყვანების მისასალმებელი სიტყვა მსუბუქ გახუმრებად ითვლება. 2006 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგებელმა დარბაზიც კი დატოვა.

სტუმრებს, წესისამებრ, პრეზიდენტი არაფორმალური, შედარებით ფამილარული სიტყვით მიმართავს, რომლითაც არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც დასცინის; პრეზიდენტის სიტყვაზე რამდენიმე სცენარისტი წინასწარ მუშაობს.

თუმცა კრიტიკოსები ღონისძიებას ძირითადად “ზედმეტად თბილი ატმოსფეროს” შექმნის გამო საყვედურობენ. ჯერ კიდევ 2007 წელს “ნიუ იორკ თაიმსის” (New York Times) მესვეტემ, ფრენკ რიჩმა განაცხადა, რომ გაზეთი კორესპონდენტთა გაერთიანებასთან თანამშრომლობას წყვეტდა და საღამოებსაც აღარ დაესწრებოდა, რადგან ვახშამი 9/11-ის შემდეგ მედიის კრისტალიზაციისა და შეცდომების საუკეთესო ილუსტრაციაა. მედიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ხასიათის შეკრებები მედიისათვის “თავზე ხელის გადასმის” ტოლფასია.

ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში კორესპონდენტებისათვის ბოლო ვახშამი გამართა, ამიტომ წელს მისი სიტყვა მედიასთან გამოსამშვიდობებელ მიზანს უფრო ემსახურებოდა.

“არ ვარ დაწრმუნებული, რომ ამას სწორად ვიყენებ. სიყვარულით, დეიდა ჰილარი” – ასე წარმოუდგენია ობამას საპრეზიენტო კანდიდატის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანია სოციალურ ქსელში.

საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე ხუმრობას წელს პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო. მიწვევის მიუხედავად, სადილს არ ესწრებოდა არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი დონალდ ტრამპი. ტრამპი აშშ-ს ძველი დიდების დაბრუნებას ჰპირდება, ემიგრანტების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ილაშქრებს, მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს და ხმაურიანი გამოსვლებით გამოირჩევა.

“რეპორტიორებით, ცნობილი ადამიანებით, კამერებით სავსეა ოთახი და მან უარი თქვა დასწრებაზე? ნუთუ ეს სადილი ზედმეტად დაბალი დონისაა დონალდისათვის?” – ობამამ ასევე იხუმრა, რომ დონალდ ტრამპს საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი გამოცდილება აქვს: “ის წლებია მსოფლიო ლიდერებს ხვდება: მის შვედეთი, მის არგენტინა, მის აზერბაიჯანი…” (დონალდ ტრამპის კომპანია “მის მსოფლიოს” სილამაზის კონკურსის დამფუძნებელია).

ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპი წარმატებით მოახერებს გვანტანამოს ციხის დახურვას, რადგან მას ზღვის პირას შენობების დანგრევის გამოცდილება უკვე აქვს. ასევე, გაიხსენა მისი დაბადების მოწმობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომლის სათავეში სწორედაც რომ დონალდ ტრამპი იდგა. ობამამ მედია “შეაქო”, რადგან ტრამპს სერიოზული კანდიდატისათვის შესაფერისი მედიაგაშუქება ხვდა წილად.

ბარაკ ობამამ ბოსტონის ეკლესიებში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ გადაღებული ოსკაროსანი ფილმი “ყურადღების ცენტრში” “ვარსკვლავური ომების” შემდეგ საუკეთესო ფანტასტიკური ჟანრის ფილმად დაასახელა. საღამოს მოვლენების რეალური გმირები – “ბოსტონ გლოუბის” (Boston Globe) ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ბარაკ ობამა კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე. 30.04.15 ფოტო: EPA/OLIVIER DOULIERY/POOL

ბარაკ ობამა კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე. 30.04.15 ფოტო: EPA/OLIVIER DOULIERY/POOL

თეთრი სახლის კორესპოდენტთა გაერთიანება ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ამის საპასუხოდ ობამამ ჟურნლისტ ჯეიკ ტრაპერზე იხუმრა, რომ მან ჟურნალისტიკა მიატოვა,  CNN-ს რომ შეერთებოდა.  ობამას არც წელს დაავიწყდა “ვაშინგტონ პოსტის” (Washington Post) ჟურნალისტები და თქვა, რომ ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო მოწყენილები არიან, რასაც ვერ იტყოდა “ბაზფიდის” (BuzzFeed) მაგიდასთან შეკრებილებზე.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა საკუთარი მხიარული სიტყვა სერიოზული მოწოდებით დაამთავრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში ლიბერალური იდეები და ფასეულობები გამუდმებით ილახება, ამიტომ ჟურნალისტთა როლი სამყაროს განვითარებაში უფრო იზრდება.

“იყო ჟურნალისტი, უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამიტომ თქვენი როლი, რომ დასვათ შეკითხვები, მოიკვლიოთ სიღრმეები, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,” – განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტი ახლა აქტიურად იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რას გააკეთებს საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვის შემდეგ. ასევე, არ იცის, ვინ იქნება “ის”, ვინც შემდეგ ვახშამს უმასპინძლებს:

“მომავალ წელს აქ სხვა იდგება. ნეტავ ვინ იქნება ის (guess who she will be)?”

მასალების გადაბეჭდვის წესი