საზოგადოება

ხორცის ნაცვლად სახამებლით გაჯერებული პროდუქტები

27 ოქტომბერი, 2011 • 1555
ხორცის ნაცვლად სახამებლით გაჯერებული პროდუქტები

ხორცპროდუქტების ანტისანიტარიულ პირობებში შენახვა, აღნიშნული პროდუქტების მიკრობიოლოგიური დაბინძურება და ხარისხობრივი ფალსიფიკაცია, – ასეთია იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც “მომხმარებელთა ფედერაციის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

კვლევის შედეგები დღეს ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ წარმოადგინა.

კვლევის ფარგლებში, თბილისისა და ქუთაისის მასშტაბით, 20 სახეობის ხორცპროდუქტი შემოწმდა, მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ აღნიშნა, რომ საგანგაშოა ის პირობები, როგორშიც ძეხვეული და სხვადასხვა ხორცის ნაწარმი გასაყიდადაა გამოტანილი.

”პროდუქტები, ყოველგვარი სამაცივრო პირობების გარეშე, ღია ცის ქვეშ იყიდება, მაშინ როცა ძეხვის შესანახი ტემპერატურა 4–დან 10 გრადუსამდეა, შენახვის პირობების დაუცველობა პროდუქტის გაფუჭებას გამოიწვევს, რაც შესაძლოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს”, – ამბობს ფედერაციის ხელმძღვანელი.

ექსპერტი კვების საკითხებში ქეთი დადიანი განმარტავს, რომ შენხვის პირობების დარღვევა პროდუქტის მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას უწყობს ხელს.

”ყველა პროდუქტი შეიცავს გარკვეული რაოდენობის მიკროორგანიზმებს, აქედან გამომდინარე, როდესაც დადგენილია პროდუქტის შენახვის პირობები, ნიშნავს, რომ დადგენილ პირობებში მიკრობები არ გამრავლდებიან და არ გადააჭარბებენ დადგენილ ნორმებს”, – აცხადებს ქეთი დადიანი.

20 შემოწმებული პროდუქტიდან თერთმეტი სახის პროდუქტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. როგორც მადონა კოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაზე საგანგაშო, რაც კვლევისას დაფიქსირდა, არის ერთ-ერთი საწარმოს მიერ წარმოებულის ”სუთი”, რომელშიც პროტეუსის ბაქტერია აღმოჩნდა.

ქეთი დადიანი განმარტავს, რომ პროტეუსის ბაქტერია არის პირობითი პათოგენი, მას გარკეული პირობები ჭირდება თვისებების გამოსავლენად და შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

”ჰიგიენურად რეგლამენტირებულია, რომ პროდუქციაში პროტეუსის ბაქტერია საერთოდ არ უნდა აღმოჩნდეს, ვინაიდან ძალიან იოლად მრავლდება და იწვევს პროდუქციის გაფუჭებას”, – აღნიშნავს ექსპერტი ქეთი დადიანი.

ექსპერტი კვების საკითხებში ქეთი დადიანი განმარტავს, რომ პროტეუსის ბაქტერია იწვევს კვებით მოშხამვას, კერძოდ ტოქსიკო ინფექციას, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მიკრობის შემცვლელობა ერთ გრამ პროდუქტში აღემატება მილიონს ერთი ათი მეექვსედით, მიკრობების ადამიანის ორგანიზმში იშლებიან, დაშლის პროცესში გამოყოფენ ენდო ტოქსინს, აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება მწვავე მოშხამვითი ნიშნები, გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, საერთო სისუტე, დიარიის დროს ლორწოს და სითხის  დიდი რაოდენობის გამოყოფა, ასევე მოწამვლას შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი.

11 კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტში, გარდა მიკრობიოლოგიური სიბინძურისა, შესამჩნევია ხარისხობრივი ფალსიფიკაციის ტენდენციაც, რაც ნორმატივით დაშვებულ რაოდენობაზე მაღალი სახამებლის კონცენტრაციას გულისხმობს.

ქეთი დადიანი ამბობს, რომ სახამებლით პროდუქციის სხვა ძირითად ნედლეულს და ინგრედიენტს ანაცვლებენ:

”სახამებელი არის პროდუქციის შემავსებელი, ძალიან ხშირია სახამებლით ფალსიფიკაციის შემთხვევები ძეხვისა და ტომატის მაგალითზე, როდესაც პომიდორის ნაცვლად, 40 %–ს შეღებილი სახამებელი წარმოადგენს”.

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონი, ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობას არეგულირებს, კანონის მიხედვით მნიშვნელოვანია სურსათი იყოს უვნებელი, მეწარმეს კი შეუძლია ნებისმიერი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს, მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს რა ხარისხის პროდუქტს ყიდულობს ანუ ეტიკეტირება სწორად უნდა იყოს დატანილი პროდუქტზე.

სურსათის უვნებლოსბის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ სახელმწიფომ კონტროლი განახორიელოს იმ საწარმოებში, რომელსაც მომხმარებელთა ფედერაციის კვლევა მოიცავდა, საჭიროა ფედერაციისგან ოფიციალური მიმართვა.

”ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გვაწვდიან თავისი კვლევის შედეგებს, მომხმარებელთა ფედერაციისგან ჯერ კვლევის შედეგები არ მიგვიღია, თუკი ის მოგვაწოდებს შედეგბს და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცით არის სურსათის ნიმუში აღებული, ინსპექტირება განხორციელდება” – აღნიშნავს ვერიკო გულუა.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის უფროსი განმარტავს, რომ წესების დაცვაში მოიაზრება დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებულია ლაბორატორია, სადაც კვლევა ჩატარდა და აღნიშნულია, რომ ლაბორატორიის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა აკრედიტაცია, შესაბამისად უფლებამოსილება, პროდუქციის ნიმუშის აღების.

რაც შეეხება კანონმდებლობით  სავალდებულო, სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახურის მიერ საწარმოების აქამდე განხორციელებულ კონტროლს, ვერიკო გულუა აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე წარმოებები შეამოწმეს, ისეთი, როგორიცაა ხორცისა და რძის წარმოება და ბავშვთა კვება.

”მიმდინარე წელს დავიწყეთ კონტროლი, აღნიშნული დროის მანძილზე შეუძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით მთლიანად მოიცვა ყველა საწარმო, კონტროლის ფარგლებში სამი საწარმო დაიხურა და ერთს აღუდგა ლიცენზია, პირველ რიგში, ხორცის და რძის მწარმოებელი საწარმოები შემოწმდა და დღემდე გრძელდება კიდეც საქართველოს მასშტაბით”, – ამბობს ვერიკო გულუა.

11 სახის პროდუქტიდან, რომელიც მომხმარებელთა ფედერაციის კვლევის მიხედვით ნაკლოვანია, 5 პროდუქტის მწარმოებლის ვინაობა უცნობია.

კვლევის მიხედვით შემოწმებული პროდუქტებისგან ცხრამ დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე, ამბობს, რომ დარღვევები აღმოაჩინეს ეტიკეტის განთავსების კუთხით:

”ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია, რომ პროდუქტის შენახვის ვადა არის 10-14 დღე, თუმცა არ არის მითითებული გამოშვების თარიღი, ამიტომ არსებობს რისკი, რომ მომხმარებელმა უვარგისი პროდუქცია შეიძინოს”, – ამბობს მადონა კოიძე.

ეს მომხმარებელთა ფედერაციი პირველი კვლევაა, რომელიც ქალაქ თბილისის გარდა, სხვა ქალაქსაც მოიცავდა, ამ შემთხვევაში ქუთაისს, მადონა კოიძემ განაცხადა, რომ ასოციაციის მიერ მომავალში ჩატარებული კვლევები თბილისის გარდა, მინიმუმ ერთ სხვა ქალაქსაც დაფარავს. მომავალში ფედერაცია კვლევის ჩატარებას ნახევარფაბრიკატ პროდუქტებსა და საკონდიტრო ნაწარმზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი