თბილისის ერთ-ერთი სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიმართ 13 ოქტომბერს საქმე ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მოზარდები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ და მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, მოხვდებიან თუ არა მოზარდები ”განრიდების” პროგრამაში, რომელიც არასრულოვანთა დანაშაულის პრევენციისკენაა მიმართული.
იურისტი მიხეილ ღოღაძე, რომელთანაც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იურიდულ კონსულტაციაზე მივიდა, ამბობს, მოზარდების მოწმის სტატუსით დაიკითხვა გულისხმობს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი ბრალის წასაყენებლად.
იურისტ მიხეილ ღოღაძის განცხადებით, ძიების პროცესი გრძელდება და წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთული იქნება.
”საქმეს ორიდან ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს, ან ძიების შეწყვეტა, ან პიროვნების დაკავება. თუ მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პიროვნებები არ არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა შეწყდეს”-აღნიშნავა იურისტი მიხეილ ღოღაძე.
ვინაიდან საქმე მოზარდებს ეხება, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის შემოდგომაზე იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც არასრულწლოვნებზე განრიდების და მედიაციის პროგრამის გავრცელებას ეხებოდა.
ტერმინი ”განრიდება” არასრულწლოვანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებას, ან დაწყებული პროცესის შეჩერებას გულისხმობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ხუციშვილი განმარტავს, რომ განრიდების პროცესის დასაწყებად აუცილებელია, დანაშაული იყოს პირველად ჩადენილი და მსუბუქი სახის. მსუბუქად ითვლება დანაშაული, რომელიც 5 წელს ზემოთ სასჯელს არ ითვალისწინებს.
საიას იურისტი ეკა ხუციშვილი განმარტავს, რომ განრიდების პროცესის დასაწყებად სავალდებულოა პროკურორის თანხმობა, ასევე მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის გადაწყვეტილება, ჩაერთოს განრიდების პროცესში. დაზარალებულის თანხმობა განრიდების დასაწყებად აუცილებელი არ არის.
მას შემდეგ, რაც პროკურორი განრიდების პროგრამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მიმართვას პრობაციის სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ სოციალურ მუშაკს ჩართავს საქმეში.
”სოციალური მუშაკი პიროვნების ბიოფსიქოლოგიურ შეფასებას მოახდენს, სწორედ ეს შეფასება უდევს საფუძვლად პირობებსა და კონკრეტულ ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს. ხელშეკრულების ვადა ერთ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ”-აღნიშნავს საიას იურისტი.
თუ საქმეში დაზარალებულიც ფიგურირებს, პროცესში მედიატორიც ერთვება, რომლის დაზარალებულსა და მოზარდს შორის კონსენსუსის მიღწევას ცდილობს.
”შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ხდება მისი ხელშეკრულების სახით გაფორმება, ეს პროცესი იურიდიულად სავალდებულოა, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს პროკურორი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი.”-აღნიშნავს ნეტგაზეთთან საუბრისას იურისტი ეკა ხუციშვილი.
იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის შესაძლებლობასა და უნარებზე.
”მახსენდება შემთხვევა, როცა ბავშვი ლექსებს წერდა და მას საკუთარი ლექსების ინტერნეტსივრცეში განთავსება დაევალა, ასევე ხელშეკრულებაში შესაძლოა ჩაიწეროს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც მოზარდის ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს”-ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს იურისტი.
ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა იხსენებს შემთხვევას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, როცა მოზარდები განრიდების პროგრამაში კედლის გრაფიტით მოხატვის გამო მოხვდნენ. პროგრამის ფარგლებში, მათ გრაფიტზე პრეზენტაციის მომზადება დაევალათ, ასევე საკანონმდებლო კუთხით შეხედეს ამ საკითხს, სად შეიძლება გრაფიტის გამოყენება და სად –არა.
”ასეთი ტიპის აქტივობები ბავშვს მხოლოდ წაადგება, ის მას ღირსებას არ ულახავს და მის განვითარებას უწყობას ხელს”-აღნიშნავს ბავშვთა ფსიქოლოგი.
ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს სოციალური მუშაკი აწარმოებს, ფსიქოლოგ მაია ცირამუას ჰქონია სოციალურ მუშაკთან ერთად ერთ-ერთ არასრულწლოვანთან მუშაობის გამოცდილება.
”ვმუშაობდი როგორც ფსიქოლოგი და არა როგორც მედიატორი. მე ვხედავდი, რამდენად მოტივირებული იყვნენ სოციალური მუშაკები მუშაობის დროს, მონიტორინგსაც იმგვარად ატარებდნენ, რომ მოზარდის ღირსება არ შელახულიყო”-ამბობს ფსიქოლოგი.
ეკა ხუციშვილის განმარტებით, განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანს ბრალდებულის სტატუსით სასამართლოში სიარული არ მოუწევს, მას არც პირობითი მსჯავრი და არც ნასამართლობა არ აღენიშნება პირად საქმეში.
ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუას ფიქრობს, რომ განრიდების პროგრამის მთავარ უპირატესობას სწორედ ეს ასპექტი წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ფსიქოლოგის აზრით, ეს პროცესი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ერთმანეთთან შეთანხმების საშუალებას აძლევს.
”მედიატორი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის იწყებს მედიაციას, ცდილობს, რომ მათ ერთმანეთის ინტერესები და საჭიროებები გააცნობიერონ.”- ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს მაია ცირამუა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ განრიდების პროგრამის პირობებში არასრულწლოვანი აცნობიერებს საკუთარ საქციელს.
”როდესაც ეწყობა კონფერენცია, ხვდებიან მხარეები– მედიატორი, პროკურორი, სოციალური მუშაკი– ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან თავიანთ განცდებზე, ასევე, მეორე მხარეც საუბრობს, მის თავს რა ხდება. ეს არის ემოციების გაზიარების პროცესი”-აღნიშნავს ფსიქოლოგი
კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზართა მოპყრობის გაეროს სტანდარტები გაეროს ბავშვთა უფლებებათა კონვენციის რიგი დებულებებით განისაზღვრება და მათი შესრულება სავალდებულოა კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოსთვის. კონვენციის გარდა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებებს და მათთან მოპყრობის წესს არეგულირებს რიგი მინიმალური ნორმების და სტანდარტების შემცვლელი დოკუმენტები.
აღნიშნულ დოკუმენტთა შორისაა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით (რაიდის სახელმძღვანელო პრინციპები), გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინის წესები) და გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დასაცავად.
პეკინის წესების მიხედვით დადგენილია, რომ ნებისმიერი ღონისძიება სისხლის სამართლის სფეროში არასრულწლოვანთა მიმართ უნდა იყოს გამოყენებული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.
იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ პეკინის წესების მიხედვით, უნდა მოხდეს ყველა ფაქტორის გათვალისწინება, რა სოციალურ პირობებში უწევს ბავშვს ცხოვრება და რა გარემოებებმა განაპირობა მისი ქცევა.
”ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს დანანაშაული პრევენცია. განრიდება და მედიაცია ერთ-ერთი ასეთი მეთოდია”-ამბობს იურისტი.
განრიდების პროგრამა ჯერჯერობით პილოტურ რეჟიმში მუშაობს, იგი 2010 წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდა, პროგრამა თავდაპირველად 5 ქალაქზე ვრცელდებოდა, ამ დროისთვის კი პროგრამა საქართველოს 7 ქალაქზე ვრცელდება.