საზოგადოება

ნუ მოჭრი ბზას – საპატრიარქოს და მთავრობის მიმართვა მოსახლეობას

18 აპრილი, 2016 • 2606
ნუ მოჭრი ბზას – საპატრიარქოს და მთავრობის მიმართვა მოსახლეობას

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს აქციას – “ნუ მოჭრი ბზას” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უერთდება. ამის თაობაზე დღეს საპატრიარქოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

“აღდგომამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. საქართველოში ბზის რტოთი აღინიშნება ეს დღესასწაული. ჩვენ ხელში ვიკავებთ ბზის მცირე ტოტებს და ამით ვეგებებით ამ სიხარულს. თუმცა არ არის საჭირო, ეს სიხარული გადავზარდოთ დაუფიქრებლობაში და დავაზიანოთ ჩვენი ბუნება, რომელიც ღმერთმა მოგვცა ჩვენ. სამწუხაროდ, ბზა, რომელიც საქართველოში ხარობს, არის გადაშენების პირას. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ბუნებას”, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა. მისივე თქმით, შესაძლებელია საკუთარ ეზოში არსებული ბუჩქების გასხვლა და ამ ნასხლავების მიტანა ტაძარში, – “ასევე, ეკლესიებში შევეცდებით, გვქონდეს ნერგები, რომლებიც დარიგდება მოსახლეობაში და უნდა მოვუწოდოთ მოსახელობას, რომ გაამრავლოს ეს ნარგავები და საკუთარი ბზით მოვიდეს ეკლესიაში”.

დღევანდელ ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა ბზის დაავადებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საფრთხეს უქმნის აღნიშნულ მცენარეს. ეს დაავადებებია ბზის სიდამწვრე (პათოგენული სოკო, რის გამოც მცენარე ცეცხლისგან დაზიანებულივით გამოიყურება) და ბზის ალურა (პეპელა, რომელიც ბზის ფოთლებით, ახალგაზრდა ყლორტებით და ზოგჯერ ქერქითაც იკვებება).

გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლას ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, ბზის ტოტების მოჭრამ და მათი ერთიდან მეორე ადგილას გადატანამ შესაძლოა დაავადების კვლავ გავრცელება გამოიწვიოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, დაავადებული ადგილები ლოკალიზებული იყოს. როცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადააქვს ადამიანს ბზა, ვთქვათ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში, დაავადების გავრცელების არეალი იზრდება. უკვე გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ეს დაავადებები. ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აპრილში ვიწყებთ კორომების ბიოლოგიური საშუალებებით შეწამვლას, ასევე, ახალი პრეპარეტების გამოყენებას დაავადების გამავრცელებელი მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი ყველა მცდელობა აღმოჩნდეს ფუჭი, თუკი ადამიანები გადმოიტანენ სხვადასხვა ადგილებიდან დაავადებულ მცენარეებს”.

“მცენარე, რომელიც არის რელიქტური, ათი ათასობით წელი გამოიარა, ბოლო რამდენიმე წელიწადში ბუნებრივი გავრცელების არეალში ბზის სიდამწვრის გამო 90%-ით გადახმა. რაც შეეხება ბზის ალურას, მას შეუძლია ერთ დღეში მთლიანად გაახმოს ჯანმრთელი მცენარე. ამ ეტაპზე სურათი ასეთია – ამ უნიკალურ სახეობას ვკარგავთ”, – აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წევრი, რეზო გეთიაშვილი.

ენდემური მცენარე კოლხური ბზა საქართველოს “წითელ ნუსხაშია” შეტანილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64/1 მუხლის მიხედვით, ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოჭრა, ამოძირკვა და ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყება.

“ჩვენ არ გვინდა, ჩვენს მოქალაქეებთან ვისაუბროთ ადმინისტრაციული ენით, გვსურს, რომ ადამიანებმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინონ და გააცნობიერონ, რომ შეიძლება ბზა ქოთანში დაირგოს და წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის აღმოფხვრაში”, – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

მინისტრის თქმით, სამინისტრომ შექმნა თესლის ბანკი, რაც ჯანსაღი კორომების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.

“გარდა ამისა, ვაკეთებთ დაკალმებას და ასე გამრავლებას ჩვენს ეროვნულ საშენ მეურნეობაში. გარდა ჩვენი საშენი მეურნეობისა, არსებობს კერძო მეურნეობებიც, რომლებიც ბაზარზე გამოიტანენ ბზას, ან ქოთნებით, ან ნასხლავებით”, – ამბობს აგულაშვილი.

წელს ბზობის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი