საზოგადოება

ჯონი ნანიტაშვილი საფრანგეთის საელჩოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

6 ოქტომბერი, 2011 • • 1135
ჯონი ნანიტაშვილი საფრანგეთის საელჩოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
ტელეკომპანია “თრიალეთის” დირექტორმა დღეს ორ საათზე საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს მიმართა წერილობით თხოვნით, რათა ნანიტაშვილსა და მის ოჯახის წევრებს საფრანგეთში მისცენ პოლიტიკური თავშესაფარი. “ნეტგაზეთმა” ჯონი ნანიტაშვილს ჰკითხა, რატომ ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს:

– ჩვენ შევიტანეთ წერილობითი თხოვნა, რათა მივიღოთ პოლიტიკური თავშესაფარი, რადგან უკვე უკიდურეს ზღვარზე ვართ. ხდება ზეწოლა,როგორც ტელეკომპანიის მფლობელებზე, ასევე მის თანამშრომლებზე. გარდა ამისა, ცდილობენ, რომ ტელეკომპანია გააკოტრონ. ყველა რეკლამის შემკვეთი დაშინებული და გაფრთხილებული ჰყავთ, რომ ჩვენთან არ შემოიტანონ რეკლამა. ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს თვალთვალი – ქალაქში ისე ვერ გადავაადგილდებით, რომ მანქანა არ აგვედევნოს. ყოველივე ამან გადამაწყვეტინა, რომ შემეტანა წერილობითი თხოვნა საფრანგეთის საელჩოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისათვის.
– კონკრეტულად რა ზეწოლას ახორციელებდნენ ტელევიზიასთან დაკავშირებით?

– შპს “georgia”-ს მფლობელმა შემოგვთავაზა ექვსი მილიონი ლარი ტელევიზიის სანაცვლოდ. ჩემს ძმასთან საუბარში თქვეს, რომ თითონ არ იყვნენ ტელევიზიით დაინტერესებულნი, მაგრამ მაინც ყიდულობდნენ. ოღონდ იმ პირობით, რომ მე და ჩემი ძმა უნდა წავსულიყავით საზღვარგარეთ და საქართველოში ვეღარ ჩამოვიდოდით. სხვა ზეწოლის ფაქტებიც იყო. მაგალითად, ქარელში მაქვს კინოთეატრი, ხოლო მის გარშემო რა ტერიტორიებიც მქონდა ოფიციალურად დარეგისტრირებული, წამართვა ქარელის გამგეობამ და დღესდღეობით მათ მფლობელობაშია აღნიშნული ტერიტორიები.
– თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება თქვენს ლიკვიდაციასაც გეგმავდა. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

– 2010 წლის 29 ნოემბერს ქარელში მცხოვრები ქალბატონი და ორი ჟურნალისტი ერთ–ერთ კაფეში შემთხვევით შეესწრნენ ხელისუფლების ორი წარმომადგენლის საუბარს. ერთი მათგანი იყო ილია ბიბლაძე, იმ პერიოდში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ისინი საუბრდნენ, რომ თუ ტელეკომპანია აღნიშნული კურსით გააგრძელებდა მუშაობას, მაშინ მოხდებოდა ჩემი ლიკვიდაცია. გარდა ამისა, როდესაც შარშან გუბერნიის შენობის წინ დამაკავა პატრულმა და მოხდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშწორება, ის საქმე დახურეს. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ არასაკმარისი მასალები იყო ჩემი სარჩელის დასაკმაყოფილრბლად. არადა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ მქონდა ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები.
– ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ გაფრთხილება მისცა ტელეკომპანია “თრიალეთს”. რას ეხებოდა აღნიშნული გაფრთხილება?

– დიახ მოგვცეს გაფრთხილება, მაგრამ ეს იყო უკანონოდ, შევიტანეთ სარჩელი და იმედია, პროცესს მოვიგებთ. ისინი ითხოვდნენ, რომ წარმოგვედგინა დისკები. მაუწყებლობის შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომ ტელეკომპანიის დისკების წარმოდგენის ვადაა თხუთმეტი დღე. სოფია ბრიტანჩუკის კატეგორიული წერილი მოგვივიდა, რომ წარმოგვედგინა დისკები ხუთი დღის ვადაში.
– იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა თქვენი თხოვნა საფრანგეთის საელჩოში, რას აპირებთ?
– მაშინ მივმართავ სხვა ქვეყნის საელჩოს, რადგან აქ ყოფნა უკვე შეუძლებელია, ისეთი სახის ზეწოლა ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი