საზოგადოება

პრეზიდენტის 27 მილიონიანი საჩუქარი ტესტირების გარეშე

3 ოქტომბერი, 2011 • 1192
პრეზიდენტის 27 მილიონიანი საჩუქარი ტესტირების გარეშე

პრეზიდენტის საჩუქარი – ნეტბუქები პირველკლასელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს 27 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

თუმცა განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ნაწილის თქმით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა აღნიშნული თანხის სხვა მიმართულებით განკარგვა, თუნდაც მასწავლებელთა გადამზადების კუთხით.

განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, წელს ქარხანა ”ალგორითმში” აწყობილი კომპიუტერი, იგივე ნეტბუქი, ყველა პირველკლასელსა და მათ დამრიგებლებს გადაეცათ, თუმცა  სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან ნეტბუქების შესაძენად. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” კომპანია “ალგორითმისგან” მოიპოვა.

“ალგორითმის” ინფორმაციით, მათ კომპანიაში ერთი “ნეტბუქის” ფასი 442 ლარია. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, “ნეტბუქი” საჩუქრად წელს 60 ათასმა პირველკლასელმა მიიღო. შესაბამისად, მარტო პირველკლასელების ნეტბუქების დამზადებაში კომპანია “ალგორითმა” 26 520 000 ლარი მიიღო. პირველკლასელებთან ერთად “ნეტბუქები” მათ დამრიგებლებსაც გადაეცა. საქართველოში 2281 საჯარო სკოლაა რეგისტრირებული, თითოეულ სკოლაში კი 1–დან 6–მდე პირველი კლასი ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში (პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის) ნეტბუქებისთვის წელს 27 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

„27 მილიონი ლარი ძალიან დიდი თანხაა. გაუმართლებელია ამხელა ფულის ჩადება ისეთ პროექტში, რომელსაც წინასწარ არ გაუვლია ტესტირება. ამდენად, შედეგი დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, ეს არ ვიცით. ამიტომ აუცილებელია, ჯერ ჩატარებულიყო კვლევა და შემდგომ ჩადებულიყო თანხა პირველკლასელთა კომპიუტერიზაციაში“, – ამბობს ნათია ანდღულაძე, განათლების პოლიტიკის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ნეტბუქები“  პირველად  შარშან გადაეცათ პირველკლასელებს. 3000 კომპიუტერი 2010 წელს თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა მიიღეს. მაშინვე ითქვა ხელისუფლების მხრიდან, რომ  პროექტის წარმატების განხორციელების შემთხვევაში, მომავალ წელს ყველა პირველკლასელი მიიღებდა „ნეტბუქს“. მართალია, წელს, დაპირებისამებრ, ყველა პირველკლასელს დაურიგდა „ნეტბუქი“, მაგრამ უცნობია, რის საფუძველზე ჩათვალა შარშანდელი საპილოტე პროგრამა ხელისუფლებამ წარმატებულად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გახელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სახელმწიფოს ინვესტირება მასწავლებლების გადამზადებაში განეხორციელებინა:

„ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონე არის დაბალი. მოსწავლეთა ცოდნა კი პირდაპირპროპორციული მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან. ეს ბევრად ნაკლები დაჯდებოდა და ბევრად ეფექტურიც იქნებოდა. თან, ბევრი ბავშვია ისეთი, რომელსაც აქამდე მსგავს ნოვაციასთან შეხება არ ჰქონია და დიდია იმის ალბათობა, რომ ძალიან ბევრი „ნეთბუქი“ გაფუჭდეს“.

განსხვავებულად ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე:

„ბავშვების ცოდნის გაღრმავებაში ჩადებული ფული ყოველთვის გამართლებულია. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ–ერთი კარგი ინვესტიციაა, რაც საქართველოს ხელისუფლებას გაუკეთებია. ის ორმაგ დადებით უკუგებას გამოიწვევს და დროში აუცილებლად მოიტანს ეკონომიკურ მოგებას. თუმცა მიმაჩნია, რომ განათლების სისტემა და რეფორმა ძალიან სუსტია და მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს“, – აცხადებს გიორხელიძე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიიჩნევს, რომ პირველკლასელებისთვის ნეტბუქების გადაცემა არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს ქვეყანას:

„ის, რომ ბავშვების განათლებაზე ფული იხარჯება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ამხელა თანხის დახარჯვა კომპიუტერებში. ეს, ჯერ ერთი, არანაირ ეკონომიკურ მოგებას არ მოიტანს და მეორეც, ბევრად მეტი საქმისა და პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა აღნიშნული თანხით. უამრავ მშობელს არ აქვს ფული, რომ მის შვილს წიგნები უყიდოს, ბაღები ფასიანი გახდა. ამ თანხით, ვფიქრობ, შეიძლებოდა სხვადასხვა სოციალური პაკეტები გაკეთებულიყო. არ არის მართებული პირველკლასელთათვის ამდენი თანხის დახარჯვა“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნეტბუქებში ჩატვირთულია ის პროგრამები, რომლებიც კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მათივე ცნობით, “ნეტბუქების” ეფექტურად გამოყენებისთვის სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი