საზოგადოება

გაურკვევლობა გაუქმებული სასწავლებლების სტუდენტებში

30 სექტემბერი, 2011 • 1925
გაურკვევლობა გაუქმებული სასწავლებლების სტუდენტებში

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მობილობით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადაანაწილეს, თდასუ-ს ადმინისტრაციისგან მთელი დღის განმავლობაში საბუთების დროულად მიღებას ითხოვდნენ.

იქ თავმოყრილი უამრავი სტუდენტი და მშობელი გაურკვევლობაში იმყოფებოდა, რამაც შენობაში არეულობა გამოიწვია.

სტუდენტების თქმით, იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებშიც გადანაწილდნენ, საბუთების გადატანა თდასუდან დღეს, 30 სექტემბერს უნდა  მოესწროთ. თუმცა, საბუთების დროულად გაცემა ვერ ხერხდებოდა – ყველა სტუდენტი ერთდროულად ცდილობდა დოკუმენტების მიღებას.

მოგვიანებით, თდასუს ხარისხის მართვის სამსახურმა სტუდენტებს აუხსნა, რომ განათლების სამინისტროს ბრძანებით, საბუთების გადატანა სხვა უნივერსიტეტებში ორშაბათამდე შეეძლებათ. თდასუს წარმომადგენლები სტუდენტებს არწმუნებდნენ, რომ ეს ინფორმაცია სანდოა.

თუმცა, სტუდენტები ამბობდნენ, რომ ამ ინფორმაციას ვერ ენდობიან, რადგანაც სხვა სასწავლებლებიდან ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ დღეს საბუთების გადატანის ბოლო ვადა იყო.

ერთ-ერთმა სტუდენტმა, გვანცა ჩხარტიშვილმა, 29 სექტემბერს გამოცხადებულ მობილობაზე რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო, რადგანაც თბილისში არ იმყოფებოდა. ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ მომდევნო სემესტრში დარეგისტრირდება მობილობის პროგრამაში.

დღეს, დღის ბოლოს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ 1 ოქტომბრამდე მიეცათ ვადა სტუდენტებს.

რაც შეეხებათ იმ სტუდენტებს, ვინც 29 სექტემბერს მობილობის პროგრამაზე დარეგისტრირება ვერ მოასწრო, განათლების სამინისტროს ცნობით, ასეთი მხოლოდ 8 სტუდენტია. მათივე თქმით,  ამ სტუდენტების უფლებები დაცული იქნება და ისინიც აუცილებლად გაივლიან რეგისტრაციას და გადავლენ სხვა უნივერსიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა. ესენია:  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის აკადემიური ცენტრი, საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი ”ინტერფარმი +”; ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი; დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ”იბერია”; ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი.

ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი გახდა არასათანადო სასწავლო პროგრამა, ადამიანური და  მატერიალურ რესურსები, რაც არ შეესაბამებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

რატომ გაუუქმდათ ავტორიზაცია ამ სასწავლებლებს მაშინ, როდესაც სწავლა უკვე დაწყებული იყო – ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ზემოთხსენებულმა უნივერსიტეტებმა ყოველწლიურ ავტორიზაციაზე განაცხადები გვიან შეიტანეს და, შესაბამისად, გვიან განიხილეს მათი საქმეები.

ამის პასუხად თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტსა და კავკასიის აკადემიურ ცენტრში ამბობენ, რომ მათ განაცხადი ვადებში შეიტანეს ანუ 30 ივნისამდე. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ განიხილა მათი საქმე  საბჭომ 27 სექტემბერს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი ამბობენ, რომ შემოსულ განცხადებებს ავტორიზაციის შესახებ რიგითობის მიხედვით განიხილავენ და ამ სასწავლებლების საქმის განხილვა 27 სექტემბერს მოუწია.

სამინისტროში, ასევე, განაცხადეს, რომ იმ დროისათვის, როდესაც უმაღლესი სასწავლებლები აცხადებდნენ პირველკურსელთა მიღებას, ზემოთხსენებულ სასწავლებლებს აკრედიტაცია ჰქონდათ, მაგრამ ავტორიზაციის მინიჭებაზე თითოეულმა სასწავლებელმა ყოველწლიურად უნდა შეიტანოს განაცხადი.

ამავე თემაზე:

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი