საზოგადოება

რას უჩივიან კახელი მევენახეები

22 სექტემბერი, 2011 • • 4804
რას უჩივიან კახელი მევენახეები

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყურძნის მოსავალი შარშანდელთან შედარებით 2011 წელს 40%-ით გიზარდა, კახელი გლეხები კი ყურძნის დაბალ ფასსა და უხარისხო საწამლავისგან გაფუჭებულ ვენახებზე საუბრობენ.

”ყურძენსა და გლეხის შრომას კაპიკის ფასიც არა აქვს. შრომობ, შრომობ და წლის ბოლოს რა გექნება, კაცმა არ იცის.  ვენახის შესაწამლი ყოველ წელს ძვირდება, ვარგოდეს მაინც! ხალხს ვენახები მოუსპო, ასეთი არაფერი მინახავს,” – ამბობს კისისხევში მცხოვრები გია, რომელსაც თელავის ბაზარში შევხვდით, სადაც რამდენიმე ყუთი ყურძენი ჰქონდა გასაყიდად ჩატანილი.

”საფერავს ღვინის ქარხნები 40 თეთრად იბარებენ, მაგას ზედ უმატებს მთავრობა 25 თეთრს და ჯამში– 1 კილოგრამ საფერავს 65 თეთრად ვაბარებთ. ღვინის ქარხნების მანქანები სოფლებში დადიან და ადგილზე იბარებენ, ხან ჩვენ ვაბარებთ. ადრე, როცა რუსეთში გაგვქონდა ყურძენი, კარგი ფასები იყო. საფერავი 1.60 ლარზე ნაკლები არ ღირდა, ხანდახან 2 ლარზეც ადიოდა. იმ დროს მოვლაც იაფი გვიჯდებოდა. ბაზარში კი არ დამქონდა ყურძენი, ადგილზე მოდიოდნენ ვაჭრები და ძვირად ყიდულობდნენ. ტაცება იყო, ახლა კი, მათხოვარივით, ქარხანა 40 თეთრს გვიგდებს, მეტს- არა,”- ამობს კისისხეველი მევენახე.

თელავის სოფლებში რთველი ერთ კვირაში დაიწყება. რთველის სეზონი უკვე რამდენიმე დღის დაწყებულია გურჯაანისა და საგარეჯოს სოფლებში. იქ, სოფლების დიდ ნაწილში ყურძენი უკვე დაკრეფილია, ნაწილში კი ახლა იკრიფება.

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სადაც ცნობილი ყურძნის ჯიშები ხარობს, 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და თითქმის არ არის ოჯახი, რომელსაც ვენახი არა აქვს.

”მე წელს ვენახი გამიფუჭდა. ჩემს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია სოფელში. ვინც საგარეჯოში იყიდა ვენახის შესაწამლი, მოსავალი ყველას გაუფუჭდა, ძალიან იზარალეს. აი, თბილისდან ვინც ჩამოიტანა წამალი, მას მოსავალიც გადაურჩა,” – ამბობს მანავის მკვიდრი პაატა პარიკაშვილი.

უხარისხო წამლით გაფუჭებული საფერავი
უხარისხო წამლით გაფუჭებული საფერავი

პარიკაშვილი ამბობს, რომ ერთ ჰექტარზე გაშენებული საფერავის მოვლა წელიწადში 3500 ლარი ჯდება. ამ თანხის დიდი ნაწილი ვენახის შეწამვლას სჭირდება. კარგი მოსავლის მისაღებად ვენახი წელიწადში შვიდჯერ უნდა შეიწამლოს. საუკეთესო შემთხვევაში, 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან 10 ტონა ყურძნის მიღებაა შესაძლებელი. 10 ტონა საფერავის საერთო ღირებულება კი, წლევანდელი ფასით, 6500 ლარია.

მანავის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ხშირად ერთ ჰექტარზე 10 ტონა ყურძენი არ მოდის, მევენახეები ზარალში ვარდებიან და ვენახის მოვლაში დახარჯული თანხის ამოღებაც უჭირთ.

რამანა ქვიმთლელიშვილის ვენახს იმ დროს მივადექით, როცა ყურძენს კრეფდნენ. ამბობს, რომ ჯერჯერობით ”თითა” დაკრიფა, რომელიც მხოლოდ საჭმელად, სუფრისთის თუ ვარგა. ამ ყურძნისგან ღვინო არ მზადდება.  ის ვენახს უკვე ათეულობით წელია უვლის, გაშენებული აქვს სხვადასხვა ჯიშები – ”თითა”, ”მანავის მწვანე”, ”რქაწითელი” და ”საფერავი”.

რამანა ქვიმთლელიშვილი ამბობს, რომ წელს გაუმართლა და კარგი მოსავალი აქვს, თუმცა, ყურძნის გასაყიდი ფასით მაინც უკმაყოფილოა, რადგან მიღებული შემოსავალი გაწეულ შრომაზე გაცილებით ნაკლებია.

”როგორც კი რთველს მოვრჩებით, ეგრევე ვიწყებთ მზადებას შემდეგი სეზონისთვის. გვიან შემოდგომაზე ვენახს ვბარავთ. ამის შემდეგ ვენახს უნდა დაკავება, გასხვლა და კიდევ ბევრი რამის გაკეთება. მაისის 15-დან კი შეწამვლას ვიწყებთ. თუ გინდა, რომ რამე მოსავალი მიიღო, ვენახი შვიდჯერ უნდა შეიწამლოს, წამალი კი ძვირი ღირს. წამალს თუ იყიდი, იმაზე უნდა ილოცო, რომ ვენახი არ გაგიფუჭდეს და გამოგადგეს,” – ამბობს მევენახე.

მისი თქმით, ერთი ბოთლი ვენახის საწამლავი 50 ლარი ღირს და 100 ლიტრ წყალში იხსნება. საწამლავის ეს დოზა 100 მეტრის სიგრძეზე გაშენებულ 4 მწკრივ ვენახს ჰყოფნის.

”კაცი რომ დაფიქრდეს, რეალურად ეს შემოსავალი არაფერი არ არის. სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, სხვა რა უნდა გააკეთო სოფელში? ინერციით მოვდივარ და ვაკეთებ უკვე წლებია. მთლად ზარალშიც რომ გადავვარდე, მაინც გავაკეთებ, აბა, ამ ნაწვალებ ვენახს ხომ არ გავაფუჭებ?” – უთხრა ”ნეტგაზეთს” რამანა ქვიმთლელიშვილმა.

ამბობს, რომ წლების წინ ღვინოს მხოლოდ სახლისთვის და ახლობლებისთვის აყენებდა, ახლა კი ხანდახან ყიდის კიდეც.

მევენახის თქმით, რა თქმა უნდა, ყურძნისგან ღვინის დაყენების შემთხვევაში უკეთეს შემოსავალს იღებენ, თუმცა, როცა ერთიანი ფული უცებ სჭირდებათ, ღვინის დასაყენებლად ვერ იცლიან.

”როცა ფული სასწრაფოდ გინდა, კრედიტი უნდა გაისტუმრო და დრო არ გაქვს. ღვინის დაყენებას ხომ არ დაელოდები? არადა, ღვინოს უფრო ძვირადაც გაყიდი, არაყსაც გამოხდი,” – ამბობს მევენახე.

კახეთში მიმდინარე რთველის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთი” რთველის შტაბის უფროსს, ტარიელ გაბუნიას ესაუბრა. რთველის შტაბი რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის რაიონში რთველთან დაკავშირებული საკითხების სამართავად შეიქმნა.

ტარიელ გაბუნიას თქმით, ამჟამად კახეთში ყურძენს 25-მდე ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი და 5 ქარხანა იბარებს. როგორც ის ამბობს, გლეხებს 1 კილოგრამ საფერავში 65 თეთრს უხდიან, საიდანაც 40 თეთრს ღვინის ქარხანა იხდის, 25 თეთრს კი სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. მსგავსი სუბსიდია მოქმედებს სხვა ჯიშის ყურძენზეც, რომლებსაც, თვითღირებულების მიხედვით, ხელისუფლება სხვადასხვა ოდენობით აფინანსებს.

ტარიელ გაბუნიას თქმით, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით კახელ გლეხებს ჯერჯერობით პრობლემები არ შექმნიათ და ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. მისივე განმარტებით, 2011 წელს ყურძნის მოსავალი დაახლოებით 150 ათას ტონამდე მიაღწევს, რაც 2010 წელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებლია. რთველი კახეთში ოქტომბრის ბოლო კვირას დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი