საზოგადოება

სკოლის ყოფილი დირექტორი სამინისტროს წინააღმდეგ

19 ივლისი, 2011 • • 1635
სკოლის ყოფილი დირექტორი სამინისტროს წინააღმდეგ

148–ე და 149–ე სკოლის  ყოფილი დირექტორები, რომლებმაც არ დაწერეს განცხადება გათავისუფლების თაობაზე მეთორმეტეკლასელების გახმაურებული გაფიცვის შემდეგ, სკოლას და განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივიან და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 149–ე სკოლის დირექტორის, მაია გიორგაძის საქმეზე 5 აგვისტოს გამოაცხადებს. თუმცა მანამდე სკოლის ყოფილი დირექტორი  „ნეტგაზეთთან“ საუბარში სკოლის მასწავლებლებზე ზეწოლაზე საუბრობს და სასამართლო პროცესის დეტალებს ჰყვება.

მაია გიორგაძე  2010 წლის 29 დეკემბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მოგვიანებით კი , 6 იანვარს, ამ დროისთვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაგული ღვინჯილიამ ის, როგორც ბიოლოგიის პედაგოგი, სამსახურიდან დაითხოვა.

მაია გიორგაძე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უჩივის და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით იგი 149–ე სკოლასაც უჩივის.

სანამ სკოლის დირექტორს, მაია გიორგაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, ის გაფიცული იყო. მან სკოლის სამეურვეო საბჭოს აცნობა, რომ მასზე სამინისტროსგან ხორცილდებოდა  ზეწოლა და იძულებული იყო, შრომითი უფლებები გაფიცვის წესით დაეცვა.

„13 დეკემბერს  სამეურვეო საბჭოს ვაცნობეთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა, რომ დაგვიბარეს სამინისტროში, თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელი არ მოვაწერეთ, რომ  შეგვაშინეს და ა.შ. ანუ ვთქვით, რომ დისკრედიტაცია არის მაღალჩინოსნებისგან და ამიტომ მე იძულებული ვარ, გავიფიცო და ჩემი უფლებები დავიცვა“, – აცხადებს გიორგაძე.

გაფიცვის პირველი პროცედურა არის 30–დღიანი. მთლიანობაში კი გაფიცვა 90 დღე გრძელდება. გაფიცვის პერიოდში შრომითი ხელშეკრულების მოშლა კანონით არ შეიძლება.

როგორც გიორგაძის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე ამბობს, სამინისტროს წარმომადგენლის ეკა მაჩიტაძის თქმით, სამინისტროსთვის სამი დღით ადრე არ მოხდა გიორგაძის გაფიცვის შესახებ ინფორმირება. რიჟამაძე კი აცხადებს, რომ მათ სასამართლოსთვის აქვთ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გიორგაძემ გაფიცვის თაობაზე არათუ სამი დღით ადრე, არამედ უფრო ადრეც აცნობა სამეურვეო საბჭოს და სამინისტროს.

სასამართლო პროცესზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა მაჩიტაძე ესწრებოდა. „ნეტგაზეთმა“ მაჩიტაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო. განათლების სამინისტროს პრეს–სამსახურმა გვითხრა, რომ ინფორმაცია წერილობით  გამოგვეთხოვა და გვიპასუხებდნენ. დღეს, 19 ივლისს, „ნეტგაზეთმა“ ოფიციალურ ელ.ფოსტაზე სამინისტროს  კითხვით მიმართა, იყო თუ არა მათთვის ცნობილი, გიორგაძე  გაფიცული რომ იყო და თუ ცნობილი იყო, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება კანონის გვერდის ავლით.

მას შემდეგ, რაც 149–ე სკოლაში გენინსპექცია შევიდა და ცალკეული დარღვევები აღმოაჩინა, განათლების სამინისტრომ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა, რათა დირექტორის, მაია გიორგაძის გათავისუფლების საკითხი განეხილათ.

ვადა, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს საკითხის განხილვისთვის მიეცა, 1 თვე იყო. გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების თაობაზე საბჭომ არ მიიღო. თუმცა სამეურვეო საბჭომ გაგზავნა წერილი განათლების სამინისტროში, სადაც აცნობა, რომ განიხილა საკითხი. საბჭო სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს სთხოვდა, სკოლაში მისულიყო და დამატებითი დოკუმენტაცია წარედგინათ, რაშიც გენინსპექცია სკოლას და მის დირექტორს ადანაშაულებდა.

2010 წლის 13 დეკემბერს მაია გიორგაძემ აცნობა სამეურვეო საბჭოს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა სამინისტროს წარმომადგენლებისგან, რათა დაეტოვებინა თანამდებობა. შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მან საბჭოს გაფიცვის შესახებ აცნობა.

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, გაფიცვაში მყოფი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიძლება. თუმცა მიუხედავად ამისა, 2010 წლის 29 დეკემბერს განათლების რესურს–ცენტრმა 149–ე სკოლაში ახალი დირექტორი, მაგული ღვინჯილია მიიყვანა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლობა დააკისრა, ხოლო მაია გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაია გიორგაძე ისე დაითხოვეს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები არ მისულან სამეურვეო საბჭოსთან შესახვედრად.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაგული ღვინჯილიამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში დაითხოვა ყოფილი დირექტორი ბიოლოგიის პედაგოგის თანამდებობიდან. ‘ნეტგაზეთმა’ სცადა ღვინჯილიასთან დაკავშირება, თუმცა დირექტორის მითითებულ ნომერს დღის მანძილზე არავინ უპასუხა.

„6 იანვარს სახლში გამომიგზავნა ახალმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბრძანება. ანუ 30–ში მე გადავაბარე თანამდებობა, 1–2–3 იყო დასვენება და უკვე 6 იანვარს გამომიგზავნა განცხადება, რომ გათავისუფლებული ვარ“, – ამბობს გიორგაძე.

ამ საქმეზე 4 სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც გიორგაძე ჰყვება, მაგული ღვინჯილიამ რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, თუ რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან გიორგაძე. პირველი, იმიტომ, რომ 2 ბიოლოგიის პედაგოგი ჰყავდა სკოლას და მესამე – სკოლისთვის ფინანსურად წამგებიანი იყო; მეორე, რომ ყოფილი სკოლის დირექტორი კონფლიქტს წარმოშობდა სამასწავლებლოში. როგორც გიორგაძე ამბობს, ღვინჯილიამ სკოლის 33 მასწავლებლის ხელმოწერა მიიტანა სასამართლოში, სადაც 149–ე სკოლის ყოფილი დირექტორის მასწავლებლად დაბრუნების მოწინააღმდეგე მასწავლებლების ხელმოწერებია.

„სკოლაში თათბირი ჩაატარა და დასვა ასეთი კითხვა, დირექტორი უკან რომ დაბრუნდეს, როგორც პედაგოგი, გინდათ თუ არაო. თავისთავად ეს კითხვა რომ ისმება თათბირზე, უკვე ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“, – ამბობს გიორგაძე.

გიორგაძე ამბობს, რომ სკოლის პედაგოგების ნაწილზე ზეწოლა მიმდინარეობს, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, ხელი მოეწერათ სკოლაში მისი არდაბრუნების საკითხზე.

„გვარებით ვერ ვასახელებ იმ პედაგოგებს, ვინც მირეკავს და მეუბნება, რომ ასეა, მე ხელი მოვაწერე, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ რა ვქნა, მე სამსახურს ვერ დავკარგავ. ეს საკითხი პედაგოგის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნორმალურია, რომ სამასწავლებლოში ასეთი ფურცელი იყოს ასეთი კითხვით?“– აცხადებს გიორგაძე.

ამ დროისთვის 149–ე სკოლას სამეურვეო საბჭო არ ჰყავს. საბჭო დაშლილია და, შესაბამისად, სკოლის მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს. სკოლას ჯერ ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. დირექტორი თანამდებობაზე ჯერ არ დაუნიშნავთ.

გასული წლის 29 დეკემბერს, ასევე, გაათავისუფლეს მაია გიორგაძის მეუღლე, ვალერიან გიორგაძე,რომელიც 148–ე სკოლის ყოფილი დირექტორია. დღეს, 19 ივლისს, მისი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ვალერიან გიორგაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა როგორც ადვოკატი რევაზ რიჟამაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევამდე არ მისულა და 28 სექტემბრამდე გადაიდო.

ამავე თემაზე:

გენინსპექცია სკოლებში

149-ე სკოლის დირექტორი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება

გენინსპექცია სკოლის დირექტორებთან

 



მასალების გადაბეჭდვის წესი