საზოგადოება

ნავთობი სასმელ წყალში

18 ივლისი, 2011 • 1406
ნავთობი სასმელ წყალში

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში,  17 ივლისს ონკანიდან სასმელი წყლის ნაცვლად ნავთობი წამოვიდა, – ამ ინფორმაციას ტელეარხი 25 ავრცელებს.

არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ქათამაძის ქუჩის 40 ნომერში მცხოვრებლებს წყლის მიწოდება გვიან ღამით შეუწყდათ, დილით კი ნავთობის სავარაუდო გაჟონვის შესახებ, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ისინი არავის გაუფრთხილებია.

სასმელ წყალში გარეულმა ნავთობმა მოსახლეობას წყლის გამათბობელი და სარეცხი მანქანა დაუზიანა. ბარცხანის მოსახლეობამ მიზეზის დასადგენად შ.პ.ს „ბათუმის წყალს“ მიმართა. კომპანიის დირექტორი ჯანი ვარშალომიძე ტექნიკოსთა ჯგუფთან ერთად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე მივიდა.

მოგვიანებით მომხდარის მიზეზის დასადგენად ადგილზე მივიდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქის მერი და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი. როგორც შ.პ.ს „ბათუმის წყლის“ სამსახურის უფროსი განმარტავს, ტერმინალის ტერიტორიაზე წყლის მილი ნავთობპროდუქტების რამდენიმე მილის სიახლოვეს გადის.

გაჟონილმა ნავთობმა კი სასმელი წყლის იმ მილში შეაღწია, რომელიც დაზიანებული იყო. ქალაქის მერი ადასტურებს, რომ შემთხვევის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამორტიზებული მილი გახდა, თუმცა ნავთობის გაჟონვის თაობაზე რობერტ ჩხაიძე გარკვეულ პასუხისმგებლობას ტერმინალის ადმინისტრაციას აკისრებს.

ბათუმის ტერმინალის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე 25–ე არხთან სატელეფონო საუბარში ავარიულ დაზიანებას გამორიცხავს და მომხდარი ფაქტის შესწავლას მოითხოვს.

ადგილობრივი მთავრობის დავალებით, ბარცხანის დასახლებაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული წყლის მილების გაწმენდა დაიწყო.  ბათუმის მერიის დავალებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ნავთობის გაჟონვის ზუსტ მიზეზს დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი