საზოგადოება

საკაბელო ტელევიზიების ახალი ვალდებულებები

15 ივლისი, 2011 • • 1447
საკაბელო ტელევიზიების ახალი ვალდებულებები

საკაბელო ტელევიზიებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალ ვალდებულებებს მალე აამოქმედებს. ვალდებულებების მიხედვით საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიას ოფიციალური ინტერნეტ გვერდის გახსნა მოუწევს, სადაც სავალდებულო წესით განთავსდება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პაკეტები, მათი ფასი და  სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი.

საკაბელო ოპერატორებს დაევალებათ წინასწარ, 10 დღით ადრე აცნობონ მომხმარებელს, პაკეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

როგორც საქართველოს ეროვნული კომისიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს, კომისიას პერიოდულად მიმართავდა უკმაყოფილო მომხმარებელი. უკმაყოფილების მიზეზი, კომისიის თქმით საკაბელო ოპერატორების მიერ სამაუწყებლო არხების ხშირი ცვლილები იყო.

საკაბელო ტელევიზიების ახალი ვალდებულებების ამოქმედების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. თუმცა როგორც კომისიის გვერდი იუწყება, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ ცვლილებები უახლოვეს მომავალში შევა.

”ხშირია შემთხვევები როდესაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ვლინდება სხვადასხვა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების ფაქტები. იმის გამო, რომ საკაბელო ოპერატორები სხვადასხვა არხების რეტრანსლირებაზე არ აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს , ზარალდება მომხმარებელი, რომელიც საკაბელო ოპერატორთან ხელშეკრულებას აფორმებს მისთვის სასურველ პაკეტზე, ხოლო შემდეგ საკაბელო ოპერატორის მიერ არამართლზომიერად ტრანსლირებული არხები მომხმარებლის გაუფრთხილებლად ითიშება,”-აცხადებს კომისია.

საქართველოს ტერიტორიაზე ასზე მეტი საკაბელო ოპერატორი ფუნქციონირებს.საკაბელო ოპერატორებს ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე თვეში მინიმუმ რვა ლარს უხდის.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს გახდეს მაუწყებლობის ტრანზიტორი საკაბელო ოპერატორი, ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიაროს ავტორიზაცია .შემდეგ იმ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა რეტრანსლირებასაც საკუთარ საკაბელო ქსელში გეგმავს, მოიპოვოს შესაბამის ნებართვები, თავად ამ სამაუწყებლო არხებისაგან ან მათი უფლებამოსილი დისტრიბუტორებისაგან. საკაბელო ოპერატორი ასევე, ვალდებულია საკუთარ აბონენტებს გაუფორმოს მომსახურების გაწევის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ის საჭირო ინფორმაციით. სხვა დამატებითი მოთხოვნები საკაბელო ოპერატორებისთვის კანონმდებლობით დადგენილი არ არის. საკაბელო ოპერატორის მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უწევს ზედამხედველობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი