საზოგადოება

10 თვის ნინოს მამას შვილის პანსიონში ჩაბარება აღარ სურს

17 მარტი, 2016 • 2554
10 თვის ნინოს მამას შვილის პანსიონში ჩაბარება აღარ სურს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლ ცხრუკვეთში 10 თვის ნინო მშობლებთან ერთად სახელდახელოდ დადგმულ ხის ოთახში ცხოვრობს. იგი ოჯახში დაახლოებით ორი თვეა დაბრუნდა. მანამდე მძიმე სოციალური მდგომარეობის და ბავშვის ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო საქართველოს საპატრიარქოს ნინოწმინდის წმ. ნინოს ბავშვთა პანსიონატში ცხოვრობდა. მშობლებმა მისი პანსიონატში მიყვანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნინო ფილტვების ანთებით რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა.

გველესიანების საცხოვრებელი ჭიათურაში. ფოტო მოგვაწოდა თეონა წიქარიშვილმა

გველესიანების საცხოვრებელი ჭიათურაში. ფოტო მოგვაწოდა თეონა წიქარიშვილმა

ნოდარი და სალომე გველესიანები ნინოს მშობლები არიან. მათ გასულ ზაფხულს სახლი დაეწვათ. გამგეობისგან მიღებული დახმარებით [5000 ლარი] ხის ძველი ოთახი იყიდეს, რომელიც დაშალეს და თავიანთ ნაკვეთში გადაიტანეს. როგორც სალომე ყვება, ოთახში ორი საწოლი დგას, თუმცა ოჯახის სამივე წევრს ერთ საწოლზე ძინავს – მეორესთვის ლეიბი და საბანი არ აქვთ. კედლებში და ჭერში, ფიცრებს შორის არსებულ დაშორებებს, საიდანაც სიცივე შემოდის, ბამბით ავსებენ. საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება სახლში მაინც ვერ ხერხდება. სწორედ ამ პირობების გამო გახდა ავად ნინო. როგორც სალომე ამბობს, ანთება რომ ჰქონდა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როდესაც ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა.

მძიმე და ცივი ზამთრის პირობებში საავადმყოფოდან გამოწერილი ნინო ხშირად ცივდებოდა, მისი კვება [ხელოვნურ კვებაზეა] და მკურნალობაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომლის დაფარვაც ოჯახისთვის დღემდე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ მშობლებმა ბავშვი პანსიონატში მიაბარეს ცოტა ხნით.

ბავშვის მამა ნოდარი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ისევ ბავშვის პანსიონატში წაყვანა არ დასჭირდეს. მისთვის ძალიან მძიმეა იმ პერიოდის გახსენება, როდესაც შვილისგან შორს ცხოვრობდა.

„უმუშევარი ვარ, ვერ ვუვლიდი. ძალიან შემეშინდა, კრუნჩხვებში ჩავარდა და გაითიშა, სასწრაფო გამოვიძახეთ და წაიყვანეს ბავშვი ჭიათურის საავადმყოფოში, სადაც ცუდად გახდა და თბილისში გადაიყვანეს. ერთი კვირა საავადმყოფში მყავდა. ამის შემდეგაც, შინ რომ მოვიყვანეთ, ბავშვს ვეღარ ვუვლიდი, საჭმლის ფულიც აღარ მქონდა, პირობებიც არ გვაქვს სახლში, ამიტომ მივიყვანე პანსიონატში. მომყავდა ხოლმე სახლში, მაგრამ ცუდად ხდებოდა და ისევ უკან მიმყავდა ”, – ყვება ნოდარ გველესიანი.

სოფლის ექთნის ინფორმაციით, ბავშვს დანიშნული აქვს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ვიტამინები. ასევე საჭიროა მისი შესაბამის პირობებში ცხოვრება, კარგი კვება და გაცივებისგან მაქსიმალურად დაცვა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია.

„სოციალურ დახმარებას ვიღებთ 156 ლარს, მაგრამ კრედიტს ვიხდით და რაც გვრჩება, ბავშვის საჭმელში არ გვყოფნის. ბავშვს ჰუმანას ვაჭმევდი, მაგრამ გაძვირდა და ვეღარ ვახერხებთ შეძენას. ვცდილობ სახლში გავუკეთო რაღაც ქაშები და სუპები, რომ შევაჩვიო თან“, – გვიყვება სალომე.

გველესიანების საცხოვრებელი ჭიათურაში. ფოტო: თეონა წიქარიშვილი

გველესიანების საცხოვრებელი ჭიათურაში. ფოტო: თეონა წიქარიშვილი

ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, საგაზაფხულო სამუშაოები მოდის და ოჯახის უფროსმა არ იცის, რა უნდა დათესოს, რადგან ამასაც ხარჯები აქვს. ცდილობს ერთჯერადი სამუშაოები შეასრულოს და ცოტაოდენი ფული ამით შეიტანოს ოჯახში. ამბობს, რომ წვიმა ჩამოსდით, რომ ძალიან უჭირთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ დარდობს: „მე ბალახსაც შევჭამ, არ მადარდებს… ბავშვის კვება და წამლებია მთავარი, რისთვისაც ფულს ვსესხულობ, ახლაც უნდა ვისესხო, ბავშვს ხომ ვერ მოვკლავ?! ვიმუშავებ, ნებისმიერ რამეს გავაკეთებ, უბრალოდ, სამუშაოც არსადაა. ერთადერთი შვილი მყავს, ვერაფრით დავუშვებ, რომ კიდევ პანსიონატში ჩავაბარო, ბოლო შარვალს გავიხდი და გავყიდი, მაგრამ უკან ვერ დავაბრუნებ, მე არ შევჭამ, არ დავიხურავ და ბავშვისთვის გადავდებ“.

რამდენად შესაძლებელია მისი ოჯახის მდგომარეობაში ბავშვის უზრუნველყოფა საჭირო პირობებით, ეს არც ბავშვის მამამ იცის და ამაში სოფლის ექთანსაც ეჭვი ეპარება, რომელმაც „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ბავშვს განვითარებაში რეგრესი არ აქვს, თუმცა, „არც ისე ვითარდება, როგორც სასურველი იქნებოდა. ოთხმოც ლარამდე წამლები გამოუწერა ექიმმა, მგონი, მაშინ იყიდეს, სასესხებლად ეძებდა ფულს. მერე რა იქნება, არ ვიცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, იმ სახლში გაცივების დიდი რისკიცაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი