საზოგადოება

მკერდის კიბოს ზოგიერთი ფორმა შესაძლოა ქიმიოთერაპიის გარეშე განიკურნოს

12 მარტი, 2016 • 3161
მკერდის კიბოს ზოგიერთი ფორმა შესაძლოა ქიმიოთერაპიის გარეშე განიკურნოს

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ექიმებმა დაადასტურეს, რომ პრეპარატების – ჰერცეპტინისა და ლაპატინიბის მოქმედებით შესაძლებელია, რომ ძუძუს კიბოს ზოგიერთი ფორმა ქიმიოთერაპიის გარეშე 11 დღეში გაქრეს.

ექიმების განცხადებით, კვლევის ეს შედეგები, რომლebიც ევროპის მკერდის კიბოს კონფერენციაზე წარადგინეს, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ძუძუს კიბოს მქონე ქალთა ნაწილს ქიმიოთერაპია აღარ დასჭირდება.

BBC წერს, რომ წამლები, რომლებმაც ეს შედეგი აჩვენეს, იყო ლაპატინიბი და ტრასტუზუმაბი, რომელიც ჰერცეპტინის სახელით არის ფართოდ ცნობილი. ორივე მათგანის სამიზნეა HER2 – ცილა, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი ძუძუს კიბოს ზრდას.

The Guardian-ის ცნობით,  დაახლოებით მეოთხედს იმ 66 ქალიდან, რომელთაც აღენიშნებოდათ HER2 დადებითი მკერდის კიბო, ამ ორი პრეპარატით 11-დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმსივნე შეუმცირდათ ან საერთოდ გაუქრათ.

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიგელ ბუნდრედმა, რომელმაც მონაცემები წარმოადგინა, განაცხადა, რომ კვლევის ეს შედეგები ინოვაციურია:

“ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მოვახდინოთ პაციენტთა იმ ჯგუფის იდენტიფიცირება, რომელთაც მხოლოდ ანტი-HER2 თერაპიის საშუალებით სიმსივნე გაუქრათ და პოტენციურად, შესაძლოა, აღარ დასჭირდეთ ქიმიოთერაპია”

ექიმები, რომლებიც კვლევას უძღვებოდნენ, აცხადებენ, რომ მათთვის ასეთი შედეგების მიღება მოულოდნელი იყო. ისინი იკვლევდნენ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენდნენ წამლები სიმსივნეზე დიაგნოსტიკიდან ოპერაციამდე პერიოდში.

“თუმცა, როდესაც ოპერაციის დრო მოვიდა, ქირურგებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ პაციენტს სიმსივნე აღარ ჰქონდა,”- წერს BBC.

ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ჯუდით ბლისი ამბობს, რომ ამ წამლების გავლენა სიმსივნეზე “დრამატული” იყო.

“გაკვირვებული ვართ შედეგებით, რადგანაც ეს მოკლევადიანი კვლევა იყო. ცხადი გახდა, რომ ზოგიერთი შემთხვევა მკურნალობას სრულად დაექვემდებარა,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი