საზოგადოება

ნიუ იორკში ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა

25 ივნისი, 2011 •
ნიუ იორკში ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა

ნიუ-იორკი, შეერთებული შტატების მეექვსე და ყველაზე ხალხმრავალი შტატია, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა. გუშინ საღამოს, 24 ივნისს,  შტატის სენატორებმა 33 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს თანაბარუფლებიანი ქორწინების კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრის, გუბერნატორ ენდრიუ კუომოს მიერ იყო ინიცირებული.

”დღევანდელი კენჭისყრა მესიჯია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა არის ამის დრო და მივაღწევთ კიდეც; ეს უკვე აღარ არის ოცნება ან სურვილი. ვფიქრობ, სწრაფი ევოლუციის მოწმენი გავხდებით”,- განაცხადა კუომომ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საკუთარი ვადის პირველ წელიწადს ითვლის. ”ჩვენ მივაღწიეთ სოციალური სამართლიანობის ახალ დონეს” – დასძინა მან.

ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ კანონი 30 დღეში შევა ძალაში. რელიგიურ ინსტიტუციებსა და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ჯგუფებს არ მოეთხოვებათ მსგავსი ცერემონიების ჩატარება. კანონპროექტი გეი წყვილებს განქორწინების უფლებასაც აძლევს.

”სწორი ქმედება უნდა განიმარტოს, როგორც ყველა პიროვნების მიმართ თანასწორი  დამოკიდებულებაა და ეს თანასწორობა დაცული უნდა იყოს დაქორწინების კონტექსტშიც,” განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა სტეფან სალანდმა კანონპროექტის მიღების წინ. იგი იმ ოთხი რესპუბლიკელიდან ერთ-ერთ მათგანი იყო, რომელმაც კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.

კანონპროექტის მიღებას ოვაციები მოყვა შტატის დედაქალაქ ალბანის სენატის დარბაზში და იმ რამდენიმე  ასეულ ადამიანს შორისაც, რომლებიც ქალაქ ნიუ იორკის პაბ ”სთოუნვოლ ინ”-ის გარეთ იყვნენ შეკრებილნი. სწორედ ”სთოუნვოლ ინ” -ში 1969 წელს მოწყობილი პოლიციის რეიდის შემდეგ დაედო საფუძველი თანამედროვე გეი უფლებების მოძრაობას.

”სწორედაც რომ დროულია. მე მსურს დავქორწინდე. მე მსურს მქონდეს ისეთივე უფლებები, როგორიც ყველა სხვას აქვს”,-თქვა 36 წლის კაროლინ ჯაგერმა, რომელიც ”სთოუნვოლ ინ”-თან იმყოფებოდა.

ნიუ იორკის კათოლიკე ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ ისინი ”ღრმად შეშფოთებულნი და იმედგაცრუებულნი” არიან კანონის მიღებით. ”ჩვენ ყოველთვის პატივისცემით, კეთილშობილურად და სიყვარულით ვეპყრობით ჩვენს ჰომოსექსუალ ძმებსა და დებს. მაგრამ  ასევე  ვამტკიცებთ, რომ ქორწინება არის კავშირი ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის”,- წერია შტატის კათოლიკური კონფერენციის განცხადებაში.

აღნიშნულ მოვლენას ”თანასწორობისა და თავისუფლების ისტორიული ტრიუმფი ” უწოდა  ქალაქ ნიუ იორკის მერმა მაიქლ ბლუმბერგმა, გეი ქორწინებების ადვოკატმა, რომელიც გასული კვირების განმავლობაში აღნიშნულ კანონს ლობირებდა. ”ჩვენ ერთობლივად გადავდგით შემდგომი დიდი ნაბიჯი უფრო სრულყოფილი კავშირისკენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი