საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, შეთქმულებაში ედება ბრალი 24 პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყინწვისში დააკავა.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა, მათ ხელმძღვანელობდა საქართველოს შსს ყოფილი მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ–ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში: „ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო და აუდიო მასალა– დაკავებულ პირთა აღიარებითი ჩვენებები და სატელეფონო საუბრები, .როგორც მტკიცებულებების ნაწილი.
დაკავებულთაგან 2 პირის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ადვოკატ მაია ხუციშვილის თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ჯემალ სურამელაშვილი არ აღიარებს ბრალს. „ის ამბობს, რომ შემთხვევით იყო ყინწვისში, რადგან კიდევ ერთი დაკავებული ღვალაძე აიყვანა მანქანით. თუმცა სხვა დროსაც ყოფილა, რადგან იქ მოძღვარი ყავს“.
მეორე ადვოკატი მიხო ღოღოძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი კახა თოდაძე აღიარებს დანაშაულს.
ხუციშვილის თქმით, დაკავებულები აცხადებდნენ, რომ მათ ყიწვისში დაადეს ხელბორკილები და ჯერ ქარელში წაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, სადაც ჯერჯერობით მოწმის სტატუსით დაკითხეს. დაკავებულებს ბრალი 27 მაისს, გამთენიისას, წაუყენეს, ხოლო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შაბათს, 28 მაისს, შეუფარდა.
ხუციშვილის თქმით, სასამართლომ ყველა დაკავებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე ერთდროულად იმსჯელა. „პროკურატურამ დისკით გადმოგვა ბრალის დამადასტურებელი მასალები, ფიზიკურად ჯერ ვერ მოვახერხეთ ამ მოცულობის დოკუმენტების გაცნობა, მაგრამ, ზოგადად, რაშიც ბრალი ედებათ, ისაა, რომ ეს 23 კაცი დაუკავშირდა ერთმანეთს, რათა ჩამოეყალიბებინათ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც მერე ცხინვალის ტერიტორიიდან შემოიყვანდა დაახლოებით 2000 კაცს. ისინი იქნებოდნენ ქართულ ფორმებში ჩაცმული, ქართულად მოლაპარაკე, ოღონდ რუსი ჯარისკაცები და დაეხმარებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებაშიო“.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ყველა დაკავებულის ზუსტი სია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულთა ნაწილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ერთ–ერთი მათგანი, ნიკა გოგუაძე ყვება, რომ მაისის დასაწყისში ის და მალხაზ გვალაძე ჩავიდნენ მოსკოვში. იქ შეხვდნენ თემურ ხაჩიშვილს, ვალერი გელბახიანს, რომან დუმბაძეს და ვლადიმერ ხომერიკს: „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შეგვექმნა საზოგადოებრივ –პოლიტიკური მოძრაობა სახელად „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა“, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნებოდა ნინო ბურჯანაძის და ბადრი ბიწაძის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერა.
დღესვე პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალი ბადრი ბიწაძესაც დასდო. თუმცა სასამართლოს ბიწაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. პროკურატურამ განაცხადა, რომ აღმკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს მოითხოვს.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად – ასე არის დასათაურებული ეს მუხლი კოდექსში, რომლის პირველი ნაწილია – შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ამ ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.