სამართალი

საგამოძიებო სამსახური: 13-მა პირმა ბიუჯეტს 2 მილიონამდე ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა

1 მარტი, 2016 • 989
საგამოძიებო სამსახური: 13-მა პირმა ბიუჯეტს 2 მილიონამდე ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს წინაშე არსებული მილიონობით ლარის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების ბრალდებით ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ პირებმა სახელმწიფოს 1 880 000 ლარის ზიანი მიაყენეს.

“თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების – ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.

რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლად დაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იმავე ბიზნესსაქმიანობას და საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა, ბიუჯეტში მიმართულიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხა.

უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს,”– აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ქონების გადამალვას მოჩვენებითი ან/და თღვალთმაქცური გარიგებით. ამ მუხლით გათალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი