სამართალი

ვასილ სანოძე თავის არეშია დაჭრილი

3 მაისი, 2011 • 1558
ვასილ სანოძე თავის არეშია დაჭრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. კლინიკის მისაღებში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სანოძე მათთან გამთენიისას მიიყვანეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში «ნეტგაზეთს» განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კლინიკის ხელმძღვანელობა თათბირის შემდეგ გაავრცელებს. ღუდუშაურის კლინიკაში თათბირი ამ წუთებში მიმდინარეობს.

შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ წუხელ სანოძის სახლში მოხდა უბედური შემთხვევა, მას საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუვარდა, რა დროსაც თავის არეში დაიჭრა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, სანოძე უბედური შემთხვევის დროს სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, შსს-ს მაღალჩინოსანს ოპერაცია გაუკეთდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ვასილ სანოძე მედიის ყურადღების ცენტრში პირველად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო მოექცა. «შარდენბარში», საიდანაც დაწყებული ინციდენტი დასრულდა გირგვლიანის მკვლელობით, შსს–ს მაღალჩინოსნები ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ამ საქმის გახმაურების შემდეგ სანოძე გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, თუმცა მოგვიანებით, 2008 წელს, ის ისევ აღადგინეს გენ. ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე.

ამის შემდეგ  პრესის ყურადღების ცენტრში განმეორებით მოექცა მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე. სუბარმა მაშინ წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ესროდა ვასილ სანოძე წყლით სავსე პარკებს მომიტინგეებს. ამ ფაქტის გამო მაშინ სუბარმა სანოძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვა, თუმცა უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი