სამართალი

საფეხბურთო სკანდალი

2 მაისი, 2011 • • 1404
საფეხბურთო სკანდალი

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე  საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები გამოავლინეს ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან.

შსს–ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “სამტრედიის” კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის “ბაიას” კაპიტანი  როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის “ვიტ-ჯორჯიას”  ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში  ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან დავით გაბედავასთან  და დიდი ოდენობით თანხების  სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ  თამაშების შედეგებს.

პოლიციამ გამოაქვეყნა მოსყიდული თამაშების სია: 2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიის და ბოლნისის “სიონის” მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის “დინამოსა” და ზუგდიდის “ბაიას” მატჩი, “ბაიას” გუნდმა აიღო 12 000 ლარი. ასევე, 2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ “ვიტ- ჯორჯიასა” და “სიონის” მატჩი, ვიტ-ჯორჯიას გუნდმა აიღო 20 000 ლარი.

ფეხბურთელები დღეს დილიდან სამართალდამცავ სტუქტურებში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დაკითხვიდან გამოსულთა ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს, ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ  კი ბრალდებები უარყო. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც ბეჭვაიამ განაცხადა, სამართალდამცავებმა მას ჰკითხეს, ფეხბურთელებსა და ტოტალიზატორის შუამავლებს შორის თუ იმართებოდა მოლაპარაკებები, რაზეც ფეხბურთელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სამართალდამცველთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 15:00 საათზე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა. მან ფაქტს “სამწუხარო” უწოდა და თქვა: “ბოლო ერთი წელია, ვებრძვით სამსაჯო კომიტეტს და ვცდილობთ გამოვავლინოთ ის მსაჯები, რომლებიც მოლაპარაკებებში შედიან. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელები არიან ერთმანეთში მოლაპარაკებული და მათ წინასწარ იციან, რამდენი ჰაუტი იქნება, ვინ რომელ წუთზე გამოიცვლება, ვინ მიიღებს ყვითელ ბარათს.”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათ ფიფას და უეფას უკვე გაუგზავნეს შესაბამისი წერილები და მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინეს. სიჭინავას თქმით, იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონო გარიგებებში მონაწილეობდნენ, მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

ზვიად სიჭინავამ ასევე განაცხადა, რომ დაელოდება გამოძიების დასრულებას, რადგან მიაჩნია, რომ ტოტალიზატორებთან გარიგებებში შესაძლოა არა 4–5, არამედ გაცილებით მეტი ფეხბურთელი იყოს ჩართული. მისივე აზრით, გამოვლენილი 4 ფეხბურთელი მხოლოდ “აისბერგის თავია”.

“ფაქტი იმისა, რომ რაღაც ხდებოდა, ყველამ იცოდა, მაგრამ რა როგორ იყო, არ ვიცოდით. დაისჯება ყველა ის გუნდი, რომელიც ჩართული იყო ამაში. ფეხბურთის ფედერაციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის იმ უწყებისადმი, რომელმაც ეს გამოიძია,” – თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვარძელაშვილის აზრით, “ამ უმსგავსო” საქციელზე ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან მსგავსი რამ კვლავ არ განმეორდეს.

ქართველმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი, საქართელოს ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ჯერ კიდევ გასულ წელს “ქურდული სამყაროს” წევრობის გამო დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს, რაც  ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის მარტში გიორგი დმეეტრაძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით პატიმრობა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქმე ეხებოდა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით  ე.წ. “მაზავშიკებთან” მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ  თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში “მოგებულებს” ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ “ქურდულ საერთოში” იყრიდა თავს. სწორედ “სავალდებულო თანხის” გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ 40 700 აშშ დოლარი იქნა ამოღებული.  გიორგი დემეტრაძემ დანაშაული არ აღიარა და ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი