სამართალი

შსს პოლიციელის მიერ ნაცემ ქალს კომპენსაციას გადაუხდის

27 აპრილი, 2011 •
შსს პოლიციელის  მიერ ნაცემ ქალს კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე ვეტერანების აქციის დროს იანვარში ნაცემ ეკა მათიაშვილს მორალური ზიანის ასანაზრაურებლად  4–4 ათას ლარს გადაუხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”(საია) ავრცელებს.

ქართველი ომის ვეტერანები სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობის აქციას 2010 წლის დეკემბრის ბოლოსა და 2011 წლის იანვრის დასაწყისში მართავდნენ. პოლიციამ ვეტერანთა აქცია 3 იანვარს დაშალა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომელმა ოთარ გვენეტაძემ ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს ეკა მათიაშვილს სახეში ხელი გაარტყა. ფაქტი იქ მყოფმა ტელეკომპანიის კამერებმა აღბეჭდეს. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სამართალდამცველის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, სადაც ის ამოიცნეს კიდეც. ამის შემდეგ შსს-მ ოთარ გვენეტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან,” – ეწერა პოლიციის განცხადებაში.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ეკა მათიაშვილმა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მან სარჩელი შეიტანა როგორც შსს-ს, ასევე ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. იგი ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათას ლარს მოითხოვდა, მათიაშვილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

2011 წლის 27 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ დაადასტურეს ეკა მათიაშვილისადმი მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და მას მორიგება შესთავაზეს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდენ, რის შედეგადაც მათიაშვილი, რომელიც ამჟამად  „ქართული პარტიის“ თბილისის ერთ–ერთი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, შსს-სა და ოთარ გვენეტაძისგან ჯამში 8 ათას ლარს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი