სამართალი

პრესსამსახური: შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე არ დაუკავებიათ

22 აპრილი, 2011 •
პრესსამსახური: შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე არ დაუკავებიათ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ავთანდილ მეტივიშვილის დაკავების შესახებ სიცრუეა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ომაძემ განუცხადა.

“ავთანდილ მეტივიშვილი დაკავებული არ არის. მედიასაშუალებებით გავრცელებული ეს ინფორმაცია არის სიცრუე. ის დაკავებული არ ყოფილა, უბრალოდ, სამართალდამცავ ორგანოებში სასაუბროდ იმყოფებოდა,”- უთხრა “ნეტგაზეთს” ნათია ომაძემ.

მისი თქმით, ავთანდილ მეტივიშვილი სამართალდამცველებს “უბრალოდ გაესაუბრა”, თუმცა ნათია ომაძე ამბობს, რომ მას არა აქვს ინფორმაცია, სამართალდამცავები გუბერნატორის მოადგილეს რა საკითხზე ესაუბრნენ. მას, ასევე, არა აქვს ინფორმაცია, მეტივიშვილი კონკრეტულად სად და რომელ უწყებაში დაკითხეს.

“მე მას პირადად ვესაუბრე ერთი საათის წინ და ამჟამად სახლში იმყოფება. სხვა თანამშრომლები ჩვენი უწყებიდან არავინ დაკავებული არ არის,” – ამბობს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი.

“რუსთავი 2” და საინფორმაციო სააგენტოები დღეს დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში დღეს დილით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი