სამართალი

კოენის საქმეზე მხარეების დაკითხვა გრძელდება

20 აპრილი, 2011 • • 1264
კოენის საქმეზე მხარეების დაკითხვა გრძელდება

დღეს საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოენის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თავად იურისტმა განუცხადა. ის სასამართლო პროცესზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით იმყოფებოდა.

„როცა პირი გარდაიცვლება, მისი უახლოესი ნათესავი სასამართლომ უნდა სცნოს დაზარალებულად. ამ შემთხვევაში დაზარალებულად მისი მშობელი უნდა ცნობილიყო. კანონი დასაშვებად მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მინდობილობის საფუძველზე, სასამართლოში სხვა პირმა წარმოადგინოს მისი ინტერესები. აი, ეს მოხდა ამ შემთხვევაში,“- უთხრა “ნეტგაზეთს” არჩილ კბილაშილმა. დღეიდან მასზე გავრცელდა დაზარალებულის ყველა უფლება-მოვალეობა.

არჩილ კბილაშილის თქმით, მოსამართლეს მისთვის არანაირი კითხვა არ დაუსვამს, იურისტმა სასამართლოს მხოლოდ გარდაცვლილი სტეფან კოენის პიროვნული მახასიათებლების – მისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ გადასცა ინფორმაცია.

სტეფან კოენი თბილისში ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმვის კომპანია “სისტრას” პროექტის ფარგლებში საქმიანობდა. აღნიშნულმა კომპანიამ გასული წლის ბოლოს 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოყო თბილისში ელექტრონული ტრამვაის პროექტის განხორციელებისთვის.

კოენი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 2011 წლის 27 იანვარს მოკლული იპოვეს. მას ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ კოენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, „მერიოტის“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ დააკავა. იგი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი აღმოჩნდა. ბრალდებულის არასრულწლოვნობის გამო სასამართლო პროცესი დახურულია. მისი დაკავების დღესვე გავრცელდა აღიარებითი ჩვენებაც:

”უცხოელთან ერთად ვიყავი სასტუმროში. იქ მოწევა მომინდა. გავედი გარეთ, მოვწიე. უკან რომ დავბრუნდი, ცოტა ხნის მერე, მოგვივიდა შელაპარაკება, ამოვიღე დანა და პირველი დარტყმა იყო ყელში. ის გარეთ გამოვარდა და ყვირილი დაიწყო. მე დავიბენი, სიტუაცია ვერ მოვტვინე და უკან შემოვაგდე სტეფანა და ცოტა ხნის მერე გარდაიცვალა. მერე, ჩემი აზრით, დაცვა იყო, კარზე აკაკუნებდნენ, გააღე კარიო, მეუბნებოდნენ. მე ვუთხარი, რომელი ხარ, ცოტა ხანი დამელოდე-მეთქი. მაგ მომენტში ავიღე ლეპტოპი, მაგის ფოტოაპარატი და გავიქეცი ფანჯრიდან“.

არასრულწოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე,  177-ე მუხლის II ნაწილის  და  238.1-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას, ქურდობას და ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივის შესახებ პრესაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ–ერთი ვერსიით, სტეფან კოენი გეი იყო, რომელმაც არასრულწლოვან ქართველ ბიჭთან სექსუალური კავშირის ძალადობრივი გზით დამყარება მოისურვა, რასაც არასრუწლოვანის მხრიდან კოენის მკვლელობა მოჰყვა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, არჩილ კბილაშილის თქმით, პროკურატურის ვერსიით მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. „სხვა ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს. მე არ ვიცი, კოენის მშობლები იზიარებენ თუ არა ამას, მე მათგან არც დასტური და არც უარყოფა არ მიმიღია. თუმცა სხვა ვერსია ნამდვილად არ ფიგურირებს,“ – ამბობს არჩილ კბილაშვილი.

კოენის მკვლელობის სხვა ვერსიაზე საგაზეთო ინტერვიუებსა და ტელეეთერში საუბრობდა ირაკლი ქუთათელაძე, რომელიც 2011 წლის 10 აპრილს თბილისში, საკუთარ სახლში, მეგობრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქუთათელაძე ამტკიცებდა, რომ კოენი ჰომოფობურად განწყობილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოკლეს და დაკავებული არასრულწლოვანი მხოლოდ შემსრულებელი იყო.

„პრაიმ–ტაიმისთვის“ 2011 წლის 11 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ქუთათელაძე ამბობს:

„პირდაპირ გეტყვით, რომ ვარ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. გუშინ ტელეფონზე 22 საათსა და 42 წუთზე ფარული ნომრიდან შემოდის ზარი და გაურკვეველი ხმით მეუბნებიან: ფრთხილად იყავი!“

არჩილ კბილაშვილის თქმით, ირაკლი ქუთათელაძე საქმეში მოწმის სტატუსით ოფიციალურად ფიგურირებდა, მაგრამ სიკვდილის გამო სასამართლომ მისი დაკითხვა ვერ მოახერხა.

ამავე თემაზე:

კოენის საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი