სამართალი

ისრაელის კომპანია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

12 აპრილი, 2011 • 1229
ისრაელის კომპანია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობა არ საუბრობს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd–ის განცხადება, რომლითაც ის ქართულ მხარეს კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს სასამართლოს ძალით.

პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის დუმილი იმით ახსნა, რომ დავის საკითხს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.

გუშინდელ ბრიფინგზე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ასეთი კომენტარით გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, რა სახის დავალიანებაზე არის საუბარი, კონკრეტულად, რა გარიგება შედგა და როდის. ამავდროულად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულმა კომპანიამ უკვე მიმართა სასამართლოს და, შესაბამისად, ამ გზით დადგინდება, თუ რამდენად სამართლიანად ედავება ქართულ მხარეს ეს კონკრეტული კომპანია.“

ისრაელის კომპანიამ Elbit Systems Ltd–მ მიმდინარე წლის 8 აპრილს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან შეიტანა საჩივარი გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

„საჩივარი მას შემდეგ დაიწერა, რაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა იმ თანხის გადახდაზე, რაც გათვალისწინებული იყო აღნიშნულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობებით, რომლითაც კომპანიამ შესაბამისი პროდუქცია მიაწოდა საქართველოს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd–სთან ქართული მხარე დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდა. მაგალითად, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად მოახერხა ქართულმა „თამ –თბილავიამშენმა“ მოიერიშე თვითმფრინავის სუ–25კმ (სკორპიონის) მოდერნიზაცია. ამას გარდა, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე სწორედ ისრაელისგან შეისყიდა უპილოტო საფრენი აპარატები.

Elbit Systems Ltd არის თავდაცვის ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ფართოდ არის ჩართული მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროგრამაში. კომპანია, რომლის შემადგენლობაში შედის Elbit Systems–ი და მისი შვილობილი კომპანიები, საქმიანობს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სისტემების კონტროლის, საკომუნიკაციო და კომპიუტერული პროგრამების, უპილოტო თვითმფრინავების და სხვა მოწყობილობების წარმოების სფეროში. კომპანია, ასევე, ფოკუსირებულია არსებული სამხედრო პლატფორმების მოდერნიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების შემუშავებაზე.

ბრიტანულ სასამართლოში ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის კომპანიები საქართველოს მთავრობისგან დიდი ოდენობის თანხის ანაზღაურებას მოითხოვენ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. მაგალითად, ისრაელელი ბიზნესმენის რონი ფუქსისა და მისი კომპანიონის საჩივრის საფუძველზე, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დააკისრა 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, რის შემდეგაც ქართველმა სამართალდამცავებმა რონი ფუქსი დააკავეს თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. ფუქსს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული განაჩენი სასამართლომ 1 აპრილს გამოიტანა. 7 აპრილს ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც საქართველო გამოცხადდა ქვეყნად, სადაც ისრაელის მოქალაქეებს „კონკრეტული საფრთხე“ ემუქრებათ. 8 აპრილს კი კომპანია “ელბიტმა” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოს დავის წამოწყების შესახებ ინფორმაცია გაახმიანა.

ამავე თემაზე:

ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი: საქართველო და სომხეთი ისევ სახიფათოა

ისრაელელი ბიზნესმენების განაჩენი

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი