სამართალი

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შსს-ს

7 აპრილი, 2011 • • 1074
სახალხო დამცველის რეკომენდაცია შსს-ს

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დღეს შინაგან სამქეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ პირებთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა.

რეკომენდაციაში წერია, რომ 2011 წლის 29 მარტს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს – გიორგი ხარაბაძეს, აკაკი ჩიქოვანს და მერაბ ჭიქაშვილს. 2011 წლის 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, ხარაბაძესა და ჭიქაშვილს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღე–ღამის ვადით, ხოლო ჩიქოვანს 10 დღე–ღამის ვადით. ისინი 25 მარტს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართული აქციის დროს დააკავეს.

დაკავებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ შეზღუდული აქვთ ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნების უფლება, შხაპის მიღების შესაძლებლობა, რის გამოც ვერ იცავენ პირად ჰიგიენას, ასევე, ვერ ეცნობიან პრესას. გიორგი ხარაბაძემ განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში ითხოვდა ექიმთან შეხვედრას, რაც მოგვიანებით დაკმაყოფილდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმართა პროტესტის ზომას – შიმშილობას, თუმცა მისი გადაყვანა სხვა საკანში არ მომხდარა და არც ექიმს უნახავს შიმშილობის დაწყების შემდეგ. 

“საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ უფლებით, რომელიც მსჯავრდებულებს აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი არა მარტო  ყოველდღიური გასეირნების უფლებით უნდა სარგებლობდნენ, არამედ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეხვდნენ ოჯახის წევრებს, იქონიონ სატელეფონო საუბრები და გარე სამყაროსთან კონტაქტი, რასაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,” – წერია რეკომენდაციაში. 

სახალხო დამცველი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე 2010 წლის საპარლამენტო მოხსნებაშიც წერს.

გიორგი ტუღუში რეკომენდაციით მიმართავს შსს-ს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს სპეციალური დაწესებულებების შექმნა რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით, რომლებიც ადაპტირებული იქნება პირთა ხანგრძლივი განთავსებისთვის.

ამავე თემაზე:

სამართალდამცავთა მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს

სიტუაცია ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი