სამართალი

სადაზღვევოების საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლეს

7 აპრილი, 2011 • • 1321
სადაზღვევოების საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლეს

სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმეზე თებერვალში დაკავებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხუთივე თანამშრომელი თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს სასამართლომ დამატებითი სასჯელის სახით 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე და ამავე სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე ქართველმა სამართალდამცავებმა 2011 წლის 14 თებერვალს სადაზღვევო კომპანიების 11 თანამშრომელთან ერთად დააკავეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთანაგან ოთხი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ასევე მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით (ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა) გაასამართლეს, კიდევ ერთი თანამშრომელი – თეიმურაზ გოგოლაძე კი 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით(ყალბი დოკუმენტების დამზადება).

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღდმეგოდ გამოიყენეს და არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რამაც საშუალება მისცა სადაზღვევო კომპანიებს, ფული მიეთვისებინათ. შედეგად კი ათიათასობით ადამიანმა სახელმწიფო დაზღვევით ვერ ისარგებლა.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდებათ. მანამდე საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებული ზემოთ აღნიშნული პირები.

სადაზღვევო კომპანიების დაკავებული თანამშრომელბის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამავე თემაზე:

სოციალურად დაუცველთა დაზღვევის საქმე

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

სადაზღვევო კომპანიების საქმე

მასშტაბური დაკავება სადაზღვევო საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი