სამართალი

მამუკა ახვლედიანი: დანებებას არ ვაპირებ

22 თებერვალი, 2016 • 1802
მამუკა ახვლედიანი: დანებებას არ ვაპირებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მისი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირადი შურისძიებაა. როგორც ახვლედიანმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, იგი დანებებას არ აპირებს:

“რა თქმა უნდა, ეს არის პირადი შურისძიება- როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე საბჭოს და საბჭოს მდივნის მხრიდან. ხვალ თუ დაესწრებით [შეხვედრას არასამთავრობოებთან], ბევრ ფაქტს კიდევ გაიგებთ. დანებებას არ ვაპირებ”, – თქვა ახვლედიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. მის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შეასრულებს, რომელიც უხელმძღვანელებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასაც, ხოლო სისხლის სამართლის კოლეგიას უხელმძღვანელებს ეკა არეშიძე.

ახვლედიანის გადაყენებას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი ერთის წინააღმდეგ.

იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას დაუჭირეს მხარი, აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანი არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩევებს და გადაწყვეტილებებს საბჭოს გვერდის ავლით იღებდა. ასევე, თვითნებურად ახორციელებდა მოსამართლეებზე საქმეების განაწილებას.

“საქართველოს სასამართლოში იგი პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა მენეჯმენტს იმ დონეზე, რაც საჭრო იყო. მან ერთხელ მოგვმართა წინადადებით კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა ჩვენ არ გავიზიარეთ ეს პოზიცია, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა საბჭოს კომპეტენციაში შედიოდა. თუმცა მან საბჭოს გვერდის ავლით, თვითნებურად განახორციელა თავისი ბრძანებით, რამაც გამოწვია ის, რომ სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განაწილების წესი დაირღვა. მან უგულებელყო საბჭოს ნება, არ გაეუქმებინა ვიწრო სპეციალიზაციები საქალაქო სასამართლოში და პრაქტიკულად გააუქმა ეს სპეციალიზაციები და უგულებელყო საბჭოს ნება”, – განაცხადა საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ.

“მოსამართლეების მოთხოვნით და კანონით მონიჭებული საფუძვლით გავაკეთე”, – აცხადებს თვითონ ახვლედიანი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ამის შემდეგ სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ახვლედიანმა ამ თემაზე ახსნა-განმარტება 10 თებერვალს გაასაჯაროვა. გვენეტაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ახვლედიანის დათხოვნა ამ დისციპლინურ დევნასთან კავშირში არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი