სამართალი

„ბათუმელები“ პროკურატურისგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

6 აპრილი, 2011 • 1150
„ბათუმელები“ პროკურატურისგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

გაზეთმა „ბათუმელებმა“ მთავარ პროკურატურასთან სასამართლო დავა შეაჩერა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შეტანილი სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა, უკან გამოიხმო.

„ბათუმელები“  საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შემდეგ ინფორმაციას ითხოვდა: 2006-2009 წლებში რამდენი პროკურორი იქნა დასჯილი, გათავისუფლებული და ა.შ. დისციპლინარული პასუხისმგებლობის მუხლით, მათი ვინაობებისა და ადგილმდებარეობების მითითებით. პროკურატურამ „ბათუმელებს“ არც ამ მოთხოვნაზე და არც ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხი არ გასცა.

რედაქციამ პროკურატურას სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და არ იყო საჯარო. გადაწყვეტილება გამოცემამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლოს მეორე ინსტანციაში, დავის ამ ეტაპზე, პროკურატურამ „ბათუმელების“ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ჩვენს მოთხოვნაზე არასრულყოფილი პასუხი მოგვაწოდეს. ეს იყო სტატისტიკური მონაცემები, თუმცა პიროვნებები და ადგილმდებარეობა მითითებული არ ჰქონდათ. რადგან ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მოგვაწოდეს და თანაც ამ დროისთვის ჟურნალისტს უკვე აღარ სჭირდება ეს ინფორმაცია, სარჩელი უკან გამოვიხმეთ“,  – აცხადებს „ბათუმელების“ ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია.

მართალია, პროკურატურასთან დავა ამ ეტაპზე შეწყდა, თუმცა იგეგმება ახალი სარჩელის წარდგენა, რომლითაც გაზეთი პროკურატურას ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვს.

თამარ კორძაია: „თუ აპელაციაზე მიხვდა პროკურატურა, რომ ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, რატომ არ გააკეთა ეს თავის დროზე? ჩვენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო იყო, დავხარჯეთ დიდი დრო და ენერგია. ამიტომაც ამჟამად ზიანის ანაზღაურებაზე უნდა შევიტანოთ სარჩელი პროკურატურის წინააღმდეგ. რა რაოდენობის თანხას მოვითხოვთ, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ყველა ხარჯს დავითვლით და სარჩელს შემდეგ შევადგენთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი