სამართალი

ანგარიში კერძო საკუთრების დაცვაზე

5 აპრილი, 2011 • • 1062
ანგარიში კერძო საკუთრების დაცვაზე

ოთხი არასამთავრო ორგანიზაცია, რომლებმაც საკუთრების უფლების დაცვის პრობლემაზე ანგარიში მოამზადეს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

„მათი უკანონო ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა როგორც სახელმწიფო, ისე ფიზიკურ პირთა ინტერესებს“ , ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, ფონდ „ღია-საზოგადოება საქართველოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“) მოამზადა.

ანგარიშში საკუთრების დაცვის პრობლემა განხილულია  სოფელ გონიოს მაგალითზე.

2010 წლის 3 დეკემბერს აჭარაში, გონიოს 271 მცხოვრებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ.

გონიოს მცხოვრებთ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, 2007-2010 წლებში გადაეცათ.  თუმცა 2010 წლის 3 დეკემბერს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, 271 ადამიანს აღნიშნული კერძო საკუთრება ჩამოერთვა.

დაზარალებულთა ნახევარმა კანონმდებლობის არცოდნისა და ფინანსების უქონლობის გამო სასამართლოსაც კი არ მიმართა. ნაწილმა კი იჩივლა და მათ საქმეებს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიში შეიცავს საქმის როგორც სამართლებრივ ანალიზს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს და ასკვნის, რომ გონიოს შემთხვევაში მინიმუმ 271 მოქალაქისთვის როგორც საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, ასევე მისი გაუქმების მომენტში არაერთ კანონდარღვევას ქონდა ადგილი.

დასკვნის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სრულიად უგულვებელყო ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, შედეგად კი კომისიის გადაწყვეტილებებებმა მნიშვნელობანი ზიანი მიაყენა 271 მიწითმესაკუთრეს და მათ ოჯახებს.

არასამთავრობოების მომზადებული რეკომენდაციები შეიცავს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას, მიღებასა და პრაქტიკაში გატარებას, მოქალაქეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე განსახლების პოლიტიკის შემუშავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი