სამართალი

რას ედავება იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანს

22 თებერვალი, 2016 • 1494
რას ედავება იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ “შესაძლო დარღვევაზე” მსჯელობენ. თვითონ ახვლედიანი სხდომას არ ესწრება.

“მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას აღმოჩენილი შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის ანალიზი”, – ასეა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ფორმირებული საკითხი, რომელიც მამუკა ახვლედიანს ეხება. ამ საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი შოთა გეწაძეა:

“აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, [თბილისის] საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში შედის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი უფლებამოისლებაა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია… მე მაგალითის სახით ვამბობ ამას და ეს ვიწრო სპეციალიზაციები, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია თავად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ”, – განაცხადა გეწაძემ სხდომის დაწყებამდე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ამის შემდეგ სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი