სამართალი

ომბუდსმენი: არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები მაღაზიის გაქურდვის აღიარებას აიძულებდნენ

18 თებერვალი, 2016 • 1557
ომბუდსმენი: არასრულწლოვნების თქმით, პოლიციელები მაღაზიის გაქურდვის აღიარებას აიძულებდნენ

ომბუდსმენის განცხადებით, არასრულწლოვნები აცხადებდნენ, რომ თერჯოლაში, პოლიციელები მათ აიძულებდნენ, ეღიარებინათ მაღაზიის გაქურდვა და ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატურებდნენ. ომბუდსმენი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართავს.

ომბუდსმენის განცხადებით, საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა არასრულწლოვნებს თ.გ.-ს და ლ.გ.-ს. ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა შსს თერჯოლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან.

“არასრულწლოვან თ.გ.-ს გადმოცემით, 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის ავტოსადგურზე, სადაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანაში ჩასვეს და შსს თერჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. გზაში პოლიციელები მათ მაღაზიების გაქურდვის ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაფიქსირებული იყვნენ ვიდეოკამერებზე. ასევე, ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ.

ლ.გ.-ს გადმოცემით, ის პოლიციის შენობაში შეიყვანეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხოლო გაათავისუფლეს 16 დეკემბერს დილის 06:00 საათზე. რვა საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ლ.გ.-მ აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გახადეს ტანსაცმელი, აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას,”– აცხადებს ომბუდსმენი.

არასრულწლოვნების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს 2016 წლის 10 თებერვალს მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი