სამართალი

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

28 მარტი, 2011 • • 1899
ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი 30 მარტს, 11 საათზე, გამოაცხადებს. ხუთთვიანი განხილვის შემდეგ კი დღეს საბოლოოდ დასრულდა მხარეთა ბოლო სიტყვებისა და რეპლიკების მოსმენა.

ბრალდების მხარის რეპლიკა

„დაცვის მხარის ადვოკატმა შემაჯამებელი სიტყვის წაკითხვისას კორექტულობის ზღვარს გადააბიჯა, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ბრალდების არგუმენტების გასაბათილებლად. ეს იყო შეურაცხყოფა, დაცვის მხარის სტრატეგია შეურაცხყოფაზე იყო აგებული,“ – ასე შეაფასა დღეს პროკურორმა ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯამებელი სიტყვა, რომლის კითხვაც 2 დღე გრძელდებოდა.

პროკურორების მტკიცებით, ბრალდების მხარემ არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ებრაელების საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მათ შორის პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს. მათი თქმით, ეს იყო „ერთი კრიმინალური საქმე“.  პროკურორის განცხადებით, როცა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა,  საქმეში მონაწილე პირების შეურაცხყოფაზე გადავიდა და ფინასთა მინისტრის მოადგილეს – ავთანდილ ხარაიძეს „უვიცი“ და „თანამდებობისთვის შუფერებელი“ უწოდა. თავის მხრივ, ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მას ტერმინი „უვიცი“ არ გამოუყენებია და ხარაიძისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. „მე ვთქვი, რომ მას არ ჰქონდა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ცოდნა და კომპეტენეცია,“ – თქვა კბილაშილმა.

პროკურორების თქმით, ისინი არ იზიარებენ დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ საქმის წარმოებისას ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა ჩაიდინა და, შესაბამისად, გამოძიებაც კანონდარღვევით ჩატარდა. პროკურორების მტკიცებით, ყველაფერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად გაკეთდა. მათ დაცვის მხარე არაკომპეტენტურობაშიც დაადანაშაულეს და კანონების „უკეთ შესწავალაც“ ურჩიეს.

25 მარტს გამართულ სხდომაზე არჩილ კბილაშილმა განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკანონოდ განახორციელა საგამოძიებო მოქმედებები თურქეთის ტერიტორიაზე, როდესაც ფუქსის, ფრენკელისა და ხარაიძის შეხვედრა ფირზე აღბეჭდა.

მის საპასუხოდ პროკურორმა თქვა, რომ სტამბულის შეხვედრა არ ყოფილა საგამოძიებო ღონისძიება და ის ებრაელი ბიზნესმენების ინიციატივით გაიმართა, ხარაიძემ კი საკუთარი ინიცატივით, მაღაზიაში ნაყიდი ვიდეოკამერით გადაიღო. შესაბამისად, საქართველოს თურქეთის სუვერენიტეტი არ დაურღვევია.

პროკურორმა გიორგი შაშიაშვილმა, ასევე, უარყო დაცვის მხარის მტკიცება, რომ რონი ფუქსი გასული წლის ოქტომბერში საქართველოში პრემიერ მინისტრ გილაურის მიერ გაგზავნილი წერილით ჩამოიტყუეს.

„საქმესთან შეხება არ ჰქონია პრემიერ მინისტრს და ილუზიაა იმის მტკიცება, თითქოს ის ხელმოწერა პრემიერს ეკუთნოდა. სახელმწიფო მაღალჩინოსნები გამოძიებაში არ მონაწილეობდნენ,“-თქვა პროკურორმა.

„2 დღე ვუსმენდით მათ მოჩვენებებს და კიდევ კარგი, ამოიწურა,“ – პროკურორებმა საბოლოოდ ასე შეაფასეს დაცვის მხარის შემაჯამებელი სიტყვა, რომლის მოსმენაც 23 და 25 მარტს, ჯამში, თითქმის 13 საათის მანძილზე გრძელდებოდა.

ამის შემდეგ არჩილ კბილაშვილმა საპასუხო რეპლიკის მოსამზადებლად ვადა ოთხშაბათამდე ითხოვა, თუმცა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მას ამისთვის ერთი საათი მისცა. მოგვიანებით, მოსამართლემ დაცვის მხარეს რეპლიკის უკეთ მოსამზადებლად დამატებითი დროც შესთავაზა, თუმცა ბიზნესმენების ადვოკატებმა დროის დამატება არ ისურვეს.

დაახლოებით ერთსაათიან რეპლიკაში არჩილ კბილაშვილი კვლავ შეეცადა ბრალდების არგუმენტებისთვის საკუთარი მოსაზრებები დაეპირისპირებინა. ამის შემდეგ კი მოსამართლემ საბოლოო სიტყვის უფლება განსასჯელებს – რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს მისცა. ფუქსმა თავისი სიტყვა ინგლისურად წაიკითხა. მის ნათქვამს თარჯიმანი სინქრონულად თარგმნიდა.

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

რონი ფუქსის საბოლოო სიტყვა

“მე მინდა გამოვიყენო ეს დრო, რათა განვმარტო, თუ რატომ არ მივეცი ჩვენება ამ ე.წ. სასამართლოზე და მსურს იმის დემონსტრირება, რომ მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს პროკურორების მიერ დაგეგმილი სისხლის სამართლის დანაშაულის გეგმის მსხვერპლი. ხოლო ეს გეგმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების გასაუქმებლად იყო გამიზნული,“ – ასე დაიწყო საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რონი ფუქსმა, თუმცა მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და გააფრთხილა, რომ თავი შეეკავებინა სასამართლოს  შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისაგან.

„ამის გამეორება ჩემ მიერ რეაგირებულ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად,“ – თქვა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა.

ამის შემდეგ ფუქსმა და მისმა ადვოკატმა ათწუთიანი შესვენება მოითხოვეს. მოსამართლემ შესვენება ნახევარი საათით გამოაცხადა, რა დროის განმავლობაშიც რონი ფუქსმა თავისი საბოლოო სიტყვა არჩილ კბილაშილის დახმარებით წითელი მარკერით ჩაასწორა.

შესვენების შემდეგ ფუქსმა კვლავ გააგრძელა საბოლოო სიტყვის წაკითხვა. ის, ძირითადად, საკუთარ უდანაშაულობასა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობდა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ მისი და მისი ბიზნესპარტნიორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია იმიტომ დაგეგმა, რომ სახელმწიფოს მათთვის არ გადაეხადა ის 98 მილიონი, რომლის გადახდაც ქვეყანას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა.

ფუქსის თქმით: „ამით ჩემი და ჩემი ბიზნესპარტნიორების საინვესტიციო უფლებები შეიბღალა. მე საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვადასხვა ასპექტში, თუმცა არ არსებობს ისეთი ნამდვილი დემოკრატია, სადაც მსჯავრდების დონე 100%-ს აღწევს.“ განსასჯელმა ამის მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის სტატისტიკა ახსენა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ საქმეთა 0.4%-ზე გამოაქვს. მოსამართლემ განსასჯელს სიტყვა ამჯერადაც შეაწყვეტინა.

„საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად ვაჩერებ, რადგან არ ეხება საქმეს“-თქვა მოსამართლემ.

რონი ფუქსმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობები პრემიერ მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის თაობაზე. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ამ ადამიანების დაკითხვით მისი უდანაშაულობის დამტკიცება უფრო ადვილი იქნებოდა. დაცვის მხარემ სასამართლო პროცესებზე საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს, იუსტიციის მინისტრის მოადგილის – თინა ბურჯალიანისა და ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკამყოფილა.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ მაქვს გამართლების მოლოდინი,“ – დასძინა რონი ფუქსმა.

ბიზნესმენის თქმით, ის ეჭვობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იზამდა, რათა თავიდან აეცილებინა ფუქსისა და კარდასოპულოსისთვის  98 მილიონის გადახდა.

„თუმცა მე ვერ წარმომედგინა ამ ქმედებების ასეთი მასშტაბი, “ – თქვა ბიზნესმენმა, „-მინდოდა დამეჯერებინა, რომ ქართველები რაღაც ეტაპზე სწორად მოიქცეოდნენ. ჩემი რწმენა ჩემი შეცდომა აღმოჩნდა.“

„თუ მე მცნობენ დამნაშავედ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო დაზარალდება. ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის ჩათვლით, ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. თუ ეს სასამართლო მე დამნაშავედ მცნობს იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელიც საქართველოს აგენტების მიერ იყო პროვოცირებული, მაშინ ვერც ერთი ინვესტორი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში ფულის ან ინვესტიციების ჩადებაზე ,“ – თქვა რონი ფუქსმა.

„თუკი არსებობს ჩემი გამართლების შესაძლებლობა, გააკვირვეთ მსოფლიო  და უდანაშაულოდ მცანით,“ – ფუქსმა ამ სიტყვებით დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვა.

ზეევ ფრენკელის საბოლოო სიტყვა

რონი ფუქსის შემდეგ საბოლოო სიტყვა ზეევ ფრენკელმა ებრაულ ენაზე წარმოთქვა, რომელსაც თარჯიმანი თარგმნიდა.

ფრენკელმა აღნიშნა, რომ ის ცხოვრებაში „ბევრი სიურპრიზის“ მომსწრე ყოფილა. 2010 წლის 14 ოქტომბერს დაპატიმრებაც მისთვის მსგავსი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ფრენკელის თქმით, ის ებრაელია, მაგრამ არარელიგიური, თუმცა,  მუდმივად იცავს და მისდევს ებრაული, ეროვნული ცხოვრების წესს.

„თორა (იგივე ხუთწიგნეული) ჩემი ცხოვრების გზამკვლევი და მასწავლებელია,“ – თქვა ზეევ ფრენკელმა. მან სწორედ თორაში აღწერილი ერთი რელიგიური ეპიზოდი გაიხსენა იმ სიტუაციის აღსაწერად, რომელშიც დაპატიმრების შემდეგ აღმოჩნდა. მან გაიხსენა მოსეს მიერ ებრაელების ეგვიპტელტა მონობისგან დახსნის ფაქტი, ასევე ის, თუ როგორ ასამართლებდა მოსე დანაშაულის ჩამდენ ებრაელებს. მისი თქმით, მოსე სამართლიანი მსაჯული იყო როგორც საკუთარი ხალხის, ისე ღმერთის წინაშე.

ფრენკელის თქმით, მათი დაკავების „პროვოკაციული გეგმა იმ საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადდა, რომელიც 20 წელზე მეტია აფრიალებს დამოუკიდებლობის დროშას, იმ საქართველოსი, რომელმაც 2003 წელს გამოცვალა დროშა და მასზე აღბეჭდა თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სიმბოლოები. ეს ის საქართველოა, რომელსაც განზარახული აქვს ევროკავშირში შესვლა, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის.“

ფრენკელმა ასევე თქვა, რომ ის პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ბ-ნო მოსამართლევ, როგორც  თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოსამართლეს, მას შემდეგ, როცა გამოქვეყნდება თქვენი განაჩენი,  გისურვებთ თქვენ,  რომ თქვენი სინდისიც ისეთივე სუფთა იყოს, როგორიც იყო მოსესი თავისი ხალხისა და უფლის წინაშე,“ – ასე დაასრულა საბოლოო სიტყვა ზეევ ფრენკელმა.

ებრაელი ბიზნესმენების განაჩენის გამოცხადებამდე ზუსტად 2 დღე დარჩა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განაჩენს რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე 30 მარტს, 11 საათზე, გამოაცხადებს.

ამავე თემაზე:

1. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის პირველი ნაწილი 23 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

2.  მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის მეორე ნაწილი 25 მარტის სასამართლო სხდომიდან – ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი