სამართალი

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

25 მარტი, 2011 • • 1442
აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

რამდენიმე საათის წინ ათამდე ადამიანი დააკავეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, ყაზბეგის გამზირზე, გამართულ აქციაზე. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.

დაკავებულთა შორის არიან: მსახიობი გია ბურჯანაძე, „წინააღმდეგობის მოძრაობის” ომბუდსმენები – მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე, ასევე ლადო სადღობელაშვილი და სხვები. ორგანიზაციაში დაკავებულთა შესახებ სხვა ინფორმაციას ამ წუთებისათვის არ ფლობენ. როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ადვოკატები დაკავებულთა დასახმარებლად უკვე მუშოაბენ.

ირმა ინაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გასამართი 25 მარტის აქციის შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვეა ვრცელდება.

„ეს არის აქცია „მეც პატიმარი ვარ.“ ბოლო 10 დღის მანძილზე 7 პატიმარია წამებით მოკლული. ჩვენ ვაპროტესტებთ პატიმართა წამების ამ კამპანიას, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ. ამავდროულად, ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ფართო ამნისტია და ვთავაზობთ საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მომზადებულია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენთა მიერ,“ – ამბობს ირმა ინაშილი.

25 მარტის აქციამდე „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ 18 მარტს აქცია გამართა რუსთაველის ძეგლთანაც. ინაშილის თქმით, დღევანდელ აქციაზე პატიმართა დედები მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან მოითხოვდნენ შეხვედრას. მათი ეს განაცხადი კი სამინისტროში 4 დღით ადრე იყო შესული.

ირმა ინაშილი ასევე ამბობს, რომ დღევანდელი აქცია სანქცირებული იყო. მათ მერიას წინასწარ, წერილობით შეატყობინეს ამის შესახებ, სადაც გზის გადაკეტვის შესახებაც იყო მითითებული.

„დღეს დედებმა მინისტრთან შეხვედრაზე უარი მიიღეს და ნაცვლად იმისა, რომ წესრიგი უზრუნველყოთ, პატრულმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა.

“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ხელმძღვანელის, მანუჩარ სიგუას თქმით, აღნიშნული აქციის დაშლისას ამავე მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ძმას, კახა ომარაძეს პატრულის თანამშრომელმა თავში იდაყვი ჩაარტყა. როგორც სიგუა ამბობს, ომარაძე ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი