სამართალი

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

24 მარტი, 2011 • 1779
ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

„საქართველოს ხელისუფლებამ ებრაელი ბიზნესმენების მოტყუებით მახეში გასაბმელად, სპეცოპერაცია მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე დაგეგმა“ – განაცხადა რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა და სხდომა 7 საათს გაგრძელდა. პროცესს, განსასჯელების გარდა, ესწრებოდნენ– თარჯიმნები, ჟურნალისტები, ებრაელი სასულიერო პირები და საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები. საქმეს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს ხელისუფლების წარმომადგენლისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. კიდევ ერთი ბიზნესმენი, იოანის კარდასოპულოსი კი იძებნება. ბიზნესმენები თავს უდანაშაულოდ და პროვოკაციის მსხვერპლად მიიჩნევენ.

მათი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება, 21 მარტს უკვე გაიმართა ბრალდების მხარის შემაჯამებელი სიტყვის მოსმენა, დაცვის მხარემ კი საკუთარი შემაჯამებელ სიტყვა გუშინ დაიწყო და ხვალ დაასრულებს. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს.

კომპანია „ტრამექსი“ საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად 1992 წელს შემოვიდა. მისმა დამფუძნებლებმა, ბიზნესმენებმა – რონი ფუქსმა და იოანის კარდასოპულოსმა 1992 წელს სახელმწიფო საწარმო „საქნავთობთან“ ერთად კომპანია „ჯი-თი-აი“ შექმნეს. ამ კომპანიამ კი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანზიტის ექსკლუზიური უფლება მიიღო. 1993 წელს კომპანია „ტრამექსს“ 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.  2010 წლის თებერვალში კი საარბიტრაჟო სასამართლოს – „საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა“ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენებთან თანხის გადახდის გრაფიკის და სხვა პირობებზე მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – ავთანდილ ხარაიძეს დაევალა. მოლაპარაკებისას კი, იმ მიზნით, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა,  ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ავთანილ ხარაიძეს ქრთამის სახით ჯერ 5, შემდეგ კი 7 მილიონი აშშ დოლარი შეთავაზეს.

პროკურატურის ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან დაკავებული ბიზნესმენები. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ედებათ, რაც ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

ფუქსისა და ფრენკელის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურამ მასალები ბიზნესმენების შესახებ უკანონოდ მოიპოვა. არადა, საგამოძიებო ორგანოს იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად (მუხლები 10, 18, 58) ყველა საპროცესო გადაწყვეტილება უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიეღო.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბიზნესმენების საქმეზე გამოძიება ოფიციალურად 2010 წლის 2 სექტემბერს დაიწყო. ბიზნესმენების ინტერესების დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიება გაცილებით ადრე, აგვისტოს თვეში დაიგეგმა, 2 სექტემბერს კი მხოლოდ ოფიციალურად გაფორმდა, რაც უკანონობაა. ამის ახსნა იურისტმა კონკრეტული ფაქტებით სცადა: საქმეში არსებული ოფიციალური მასალების მიხედვით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ავთანდილ ხარაიძემ 2010 წლის 2 სექტემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას თანამშრომლობის სურვილით მიმართა. ხარაიძემ პროკურატურას განუცხადა, რომ 1 სექტემბერს ზეევ ფრენკელმა მოლაპარაკების მიზნით გამართული შეხვედრისას ქრთამი – 5 მილიონი აშშ დოლარი შეთავაზა. ხარაიძის დაკითხვა 2 სექტემბერს დილის 11:45 საათზე დასრულდა, რომლის შემდეგაც შეიქმნა 14 –კაციანი საგამოძიებო ჯგუფი. ამ ჯგუფს ქრთამის შეთავაზების ფაქტის გამოძიება დაევალა. იმავე დღესვე პროკურორმა მანუჩარ ქაჯაიამ სასამართლოს მიმართა ორი შუამდგომლობით – ერთი ეხებოდა სატელეფონო მოსმენა-ჩაწერის უფლებას, მეორე კი შეხვედრების ფარულ აუდიო-ვიდეო აღბეჭდვას. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა 2 სექტემბერსვე დააკმაყოფილა. პროკურატურამ აღნიშნული ბრძანება განსახორციელებლად დაუყოვნებლივ გადასცა შსს-ს ოპერატიულ დეპარტამენტს. ზეევ ფრენკელის სატელეფონო საუბარი კი პირველად იმავე დღეს, 2 სექტემბერს, 16:47 საათზე ჩაიწერეს.

2 სექტემბერს სამართალდამცველების ქმედებები ამით არ ამოწურულა. ამ დღეს მათ საქართველოს ფინანსთა სამინსტროში დაამონტაჟეს ფარული ვიდეოჩამწერი აპარატურა.

ფრენკელისა და ფუქსის იურისტი ამბობს, რომ წინასწარ, რამდენიმედღიანი დაგეგმვის გარეშე, სამართალდამცავებს ამდენი მოქმედების ერთ დღეში, ასე მოკლე დროში, დაგეგმვა ლოგიკურად არ შეეძლოთ. მისი აზრით, ეს მოქმედებები ყოველგვარი კანონიერი საშუალებების გვერდის ავლით ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაიგეგმა.

დაცვის მხარე, ასევე, ამბობს, რომ 1 სექტემბერს ქართული მხარისთვის უკან დასაბრუნებელ 5 მილიონზე საუბარი ხარაიძემ წამოიწყო და ინიციატივაც მისგან მოდიოდა, თუმცა, 1 სექტემბრის გარდა, ყველა შეხვედრა ფირზეა ჩაწერილია.

ფრენკელის და ფუქსის ადვოკატი გამოძიების წინასწარი, უკანონო გეგმის არსებობის დადასტურებას შემდეგი არგუმენტებით ცდილობს:

2 სექტემბერს ხარაიძის განცხადება თანამშრომლობის შესახებ პროკურატურამ უკანონოდ მიიღო, მას წესისამებრ არ გაუვლია კანცელარია და ეს დოკუმენტი არსად დაფიქსირებული არ არის. გარდა ამისა, ავთანდილ ხარაიძემ გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან აგვისტოს დასაწყისში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არც წარუდგენია და პროკურატურას არც მოუთხოვია, რაც კანონდარღვევაა. გარდა ამისა, ხარაიძის თქმით, მან 2011 წლის ივლისში ფინანსთა სამინისტროს ბიუროს მრჩევლად დაიწყო მუშაობა, თუმცა ზუსტი თარიღი ვერ გაიხსენა. კბილაშვილს ეს გარემოება არალოგიკურად მიაჩნია, რადგან ხარაიძემ სასამართლოზე თქვა, რომ ეს მისი პირველი საჯარო სამსახური იყო. ფუქსის ადვოკატის მტკიცებით კი, ავთანდილ ხარაიძე ოპერატიული თანამშრომელი იყო, რომელიც სპეციალური ოპერაციის შესასრულებლად შეუშვეს ფინანსთა სამინისტროში და მას იქ არასდროს უმუშავია. ხარაიძისვე თქმით, მას ბიზნესმენებთან მოლაპარაკება 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დაავალა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს და სასამართლოს ამის დასადგენად არც ბაინდურაშვილი დაუკითხავს. თუმცა ამის შესახებ შუამდგომლობა არსებობდა.

ბრალდებულთა ადვოკატი ამბობს, რომ ხარაიძე ამ შემთვევაში ან იტყუება, ან ფინანსთა მინისტრი გამოდის დამნაშავე, რადგან კანონის მიხედვით, მსგავსი ბრძანებები ზეპირ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, მინისტრმა ასეთი რამ ქვემდგომს მხოლოდ წერილობით უნდა დაავალოს.

არჩილ კბილაშვილი საქმეში არსებულ სხვა შეუსაბამობებზეც საუბრობს, კერძოდ, პროკურატურამ  2010 წლის 14 ოქტომბერს მტკიცებულებების უტყუარობის გადამოწმების გარეშე შექმნა საბრალდებო დასკვნა, რის საფუძველზეც ბიზნესმენები დააკავეს.

გამოძიებამ მხოლოდ 2010 წლის 1 ნოემბერს მიიღო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ხარაიძის თანამდებობა (ფინასთა მინისტრის მოადგილე), ასევე 3 ნოემბერს მიიღეს ოფიციალური დოკუმენტი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ (ბიზნესმენებისთვის 98 მილიონის გადაცემა). გამოძიებას ასევე არ დაუდგენია ტრიბუნალის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, არ დაუდგენია, მართლა დაავალა თუ არა მინისტრმა ხარაიძეს მოლაპარაკების წარმოება. გამოძიებას საბრალდებო დასკვნის მომზადებამდე, ასევე, არ ჰქონდა დადგენილი  ზეევ ფრენკელის ვინაობა, ფრენკელის კავშირი რონი ფუქსთან, მართლა შეხვდა თუ არა ფრენკელი ხარაიძეს ფინანსთა სამინიტროში, რომლის დადგენაც უბრალოდ დაშვებული საშვის მოძიებით იქნებოდა შესაძლებელი. ასევე, არ იყო დადგენილი ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილება მსგავსი მოლაპარაკების შესახებ.

დაკავებულთა ადვოკატის თქმით, ეს მოქმედებები საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბრალდებო დასკვნის მომზადებამდე არ განახორციელა, რაც იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლსი საპროცესო კოდექსის დარღვევაა (მუხლები 10, 18, 58).

არჩილ კბილაშილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში, სასამართლოებში და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ებრაელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების გამართვის კომპეტენცია არ ჰქონია.

კბილაშვილის თქმით, არალოგიკურია, ფინასთა მინისტრს 2010 წლის აგვისტოში ავთანდილ ხარაიძისთვის ებრაელ ბიზნესმენებთან თანხის გადაცემაზე მოლაპარაკება დაევალებინა, რადგან 2010 წლის 5 აგვისტოს ფუქსსა და კარდასოპულოსს იუსტიციის სამინსიტრომ 26.5 მილიონი აშშ დოლარი შეთავაზა და ამ შეთავაზების დოკუმენტი დაცვის მხარეს გააჩნია.

„ერთი სახელმწიფოს ორ სხვადასხვა უწყებას მოლაპარაკება ერთდროულად რატომ უნდა ეწარმოებინა ერთ საქმეზე, თან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად?“-იკითხა პროცესზე კბილაშილმა.

ადვოკატის თქმით, ყველა ეს გარემოება მიუთითებს, რომ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს მახე დაუგეს, მოახდინეს დანაშაულის პროვოცირება (რაც ასევე დანაშაულია),  გამოიყენეს გამოძიებისას აკრძალული მეთოდები.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები არ უნდა გაითვალისწინოს და ბიზნესმენები უნდა გაათავისუფლოს.

ფუქსის და ფრენკელის ადვოკატი, ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ამბობს, რომ გამოძიებისას არ უნდა გამოეყენებინათ ტყუილი, ხარაიძე კი ბიზნესმენებს სულ ატყუებდა. მან ისინი დააჯერა, რომ მისი თითოეული სიტყვა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პოზიციას გამოხატავდა.

ამის დასტურად ადვოკატმა ფარული ჩანაწერიდან ხარაიძის ციტატები მოიყვანა:

„პრემიერთან საინვესტიციო თემებზე საუბარი შემიძლია..“

„დღეს პრემიერისგან გავიგე…“

„პრემიერმა მითხრა…“

„მინდა პირდაპირ გითხრა, რომ არც იუსტიციის სამინისტროს, არც პროკურატურას და არც ადვოკატებს არ შეუძლიათ ამ საქმის გაკეთება იმიტომ, რომ პრემიერმა დამავალა მე ეს“

გარდა ამისა, ავთანდილ ხარაიძემ ბიზნესმენებს სტამბულში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის სახელით გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა, რომლის შემდეგაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და დააკავეს კიდეც.

ნება მიბოძეთ, ოფიციალურად მოგიწვიოთ თქვენ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, რათა დავასრულოთ მორიგება და ხელი მოვაწეროთ მას.

პატივისცემით, ნიკა გილაური“- ასე წერია ფუქსისა და კარდასოპულოსისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც გილაურის ხელმოწერა ახლავს თან.

პროცესზე ფუქსმა თქვა, რომ საგამოძიებო სქემაში ხელისუფლების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლები „სხვა არც ერთ ქვეყანაში არ მონაწილეობენ“, რაზეც ერთ-ერთმა ქართველმა პროკურორმა იკითხა:

-რომელ ქვეყანას გულისხმობთ?

-რომელს და გვატემალას – იყო ფუქსის პასუხი.

კბილაშვილს გამოძიებისთვის, ასევე, დაუშვებლად მიაჩნია „მოსყიდვა“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ხარაიძემ ფრენკელს 700 ათასი აშშ დოლარი შეთავაზა, რათა მას რონი ფუქსი დაერწმუნებინა ქართული მხარისთვის 5 მილიონის გადახდაზე სხვა თანხის სანაცვლოდ. ფრენკელმა ეს თანხა საკუთარი საბროკერო საქმიანობის გასამრჯელოდ აღიქვა, ხარაიძემ კი – მოსყიდვად.

კბილაშვილის მტკიცებით, გამოძიებისას, ასევე, გამოიყენეს აკრძალაული მეთოდი -ალკოჰოლი. ადვოკატის თქმით, ეს იმიტომ გამოიყენეს, რომ ბიზნესმენებს თავი უფრო თავისუფლად, მოშვებულად და  ლაღად ეგრძნოთ, რათა უფრო ადვილად მოეხდინათ მათი პროვოცირება.

არჩილ კბილაშვილი, ასევე, ამბობს, რომ  გამოძიების აგენტი (ამ შემთვევაში ხარაიძე) წესით არ უნდა  იყოს აქტიური, ის მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით უნდა მოქმედებდეს და პირის მიერ დანაშაულის პროვოცირება არ უნდა მოახდინოს.

იურისტის თქმით კი, ფარული ჩანაწერები საპირისპიროს ამტკიცებს. ჩანაწერის მიხედვით, ავთანდილ ხარაიძე ფრენკელს ეუბნება:

„მე მინდა სრული პასუხი მივცე პრემიერს, შენი სქემა თქვი“. კბილაშილის აზრით, ხარაიძე ცდილობს ფრენკელს ათქმევინოს 5 მილიონის ხელისუფლებისთვის დაბრუნების გეგმა, რასაც შემდეგ „კორუფციული სქემა“ დაერქმევა. აკრძალულ მეთოდებს შორის ხარაიძემ, ასევე, გამოიყენა „პროსტიტუცია“. მან ფრენკელს ამით სარგებლობა შესთავაზა. იურისტის აზრით, გამოძიებისას ესეც დაუშვებელია.

დაკავებულთა ადვოკატი გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ასევე ამტკიცებდა– 5, შემდეგ კი 7 მილიონის გადაცემას ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლებისთვის უკან დასაბრუნებელ ინვესტიციად აღიქვამდნენ და არა – ქრთამად. საქმის ლეგალურობა კი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, ვინაიდან ამ საქმეში მაღალჩინოსნები, მათ შორის პრემიერ–მინისტრიც იყო ჩართული (ამაში ისინი სწორედ ავთანდილ ხარაიძემ დაარწმუნა).

არჩილ კბილაშილმა აბსურდული უწოდა საბრალდებო დასკვნას, რომლის მიხედვითაც ფუქსი, ფრენკელი და კარდასოპულოსი დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ.

დაკავებულთა ადვოკატის თქმით, ებრაელი ბიზნესმენები ქართველ მაღალჩინოსნებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების არ გასაჩივრების სანაცვლოდ 2010 წლის პირველ სექტემბერს ქრთამს ვერ შეთავაზებდნენ, რადგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 30 ივნისს ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებული ჰქონდა.

დაცვის მხარის აზრით კი, ქართველმა სამართალდამცველებმა დანაშაულის პროვოცირებისა და ბიზნესმენების დაჭერის მიზნით 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში წამოიწყეს სპეცოპერაცია. ამას მოწმობს ფრენკელისა და ხარაიძის შეხვედრები, რომელიც 2010 წლის აგვისტოში თავად ხარაიძის ინიციატივით დაიწყო.

დაცვის მხარის შემაჯამებელი სიტყვის მოსმენა ხვალ, 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი