სამართალი

lenta.ru: მოსკოვიდან საქართველოში “კანონიერი ქურდის” ექსტრადირება მოხდა

22 მარტი, 2011 • • 4702
lenta.ru: მოსკოვიდან  საქართველოში “კანონიერი ქურდის” ექსტრადირება მოხდა

გია ზვიადაძის ყოფილი სახლი
გია ზვიადაძის ყოფილი სახლი

რამდენიმე რუსული ინტერნეტგამოცემის ცნობით, ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველი თანამშრომლობა შედგა და  რუსულმა მხარემ საქართველოს „კანონიერი ქურდი“ გაიოზ (გია) ზვიადაძე გადასცა. გამოცემების ცნობით, დაკავებულის ექსტრადირება 17 მარტს „აირზენას“ ავიარეისით მოსკოვიდან განხორციელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზვიადაძის დაკავებაზე დღემდე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა სამინისტროს და გადაემოწმებინა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუს და ქართველ სამართალდამცავთა თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს პრესამსახური არ პასუხობს.

რუსული სააგენტოების ცნობით კი, გაიოზ ზვიადაძე რუსმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 17 მარტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს და მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლომ მალევე მიიღო.

გამოცემა წერს, რომ გაიოზ ზვიადაძეს სამართალდამცველები წლებია ეძებენ. მას საქართველოში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა 10 წლის ვადით.  „კანონიერი ქურდი“  წლების მანძილზე იმალებოდა ესპანეთში, იტალიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ბოლოს რუსეთში, სადაც ის, ასევე, „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის ბიზნესს წარმართავდა. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ტელეფონის ნომრებს, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს.

2010 წლის სექტემბერში ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას ზვიადაძემ რუსულ სასამართლოს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პირადად მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ბრძანებით შეითითხნა.

lenta.ru წერს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ „კანონიერ ქურდებს“ ომი გამოუცხადა, რის შემდეგაც ათეულობით „კანონიერი ქურდი“ დაიჭირეს, დანარჩენებმა კი თავი სხვა ქვეყნებს შეაფარეს. გარდა ამისა, საქართველოს შსს-მ მოახდინა გაიოზ ზვიადაძის კუთვნილი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის კონფისკაცია, რომელიც ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, მდებარეობს. ამჟამად შენობაში პოლიციის განყოფილება ფუნქციონირებს.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა 1990 წელს გაიოზ ზვიადაძე „კანონიერ ქურდად“ მონათლეს, რის შემდეგაც ქუთაისის კრიმინალური კლანის წვერი იყო.  lenta.ru წერს, რომ ზვიადაძეს დაპირისპირება მოუვიდა ქუთაისელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან – ტარიელ ონიანთან და ბადრი კოღუაშვილთან, რის შემდეგაც მან ეს კლანი დატოვა და ასლან უსოიანისა (დედ ჰასანი) და ზახარ (შაქრო) კალაშოვის კრიმინალურ დაჯგუფებას შეუერთდა.

lenta.ru-ს ინფორმაციით, გაიოზ ზვიადაძემ  1990-ან წლებში რამდენიმე სამშენებლო და მგზავრთა გადამყვანი კომპანია ჩაიგდო ხელში. მან 2000 წელს პოლიციელიც სცემა, რის გამოც მხოლოდ ჯარიმა აკმარეს. 2003 წელს კი ქუთაისის საოლქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე სცემა, ამის შემდეგ მან ციხეში 1.5 წელი გაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი