სამართალი

არის თუ არა ხარებავა პოლიტპატიმარი?

18 მარტი, 2011 • 2025
არის თუ არა ხარებავა პოლიტპატიმარი?

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ ზვიად ხარებავა პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. ხარებავა ყოფილი პრემიერ მინისტრის და ამჟამად ოპიციზიური პარტიის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მრჩეველი იყო.

დღეს ადამინის უფლებათა ცენტრში ზვიად ხარებავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ადვოკატთან ერთად ხარებავას ძმა,  გრიგოლ ხარებავაც ესწრებოდა. ის თვლის, რომ მისი ძმა პოლიტიკური პატიმარია და საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას  აპირებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები და გამოარკვია, რომ იგი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ხარებავაზე ზეწოლის ფაქტებსაც, რათა მას ნოღაიდელის წინაააღმდეგ მიეცა ჩვენება“ – ნათქვამია ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიად ხარებავა 2004–07  წელს პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მრჩევლად მუშაობდა.  2009 წლის 11 დეკემბერს ის დააკავეს და ბრალად  თაღლითობა და გაფლანგვა წაუყენეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (“თაღლითობა. ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით”) ხარებავას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 182-ე მუხლის გათვალისწინებულ დანაშაულზე (“სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით”) 10 წლით. გარდა ამისა, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და სამი წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით საერთოდ არ დასტურდება ხარებავას დანაშაული 180-ე მუხლში. რაც შეეხება 182-ე მუხლს, სასამართლომ ზვიად ხარებავა დამნაშავედ ცნო იმ ოდენობის თანხის გაფლანგვაში, რასაც ბრალდების მხარეც კი არ ითხოვდა. ბრალდების მიერ მოთხოვნილი თანხა, 929 741 ლარიც არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

ცენტრი მიიჩნევს, რომ ხარებავასთვის ასეთი განაჩენის გამოტანა უკავშირდება მის წარსულ საქმიანობას, კერძოდ იმას, რომ ის იყო ნოღაიდელის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

პრესკონფერენციაზე ხარებავაზე განხორციელებულ ზეწოლაზეც   ისაუბრეს.  ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში  რომ ხარებავას თქმით დაკავებიდან 2 კვირაში მასთან მივიდნენ  მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ზაზა ქაჩიბაია და გამომძიებელი მანუჩარ ქაჯაია. ისინი დაკავებულს ზურაბ ნოღაიდელის კორუფციული გარიგებების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვდნენ. თუკი დაკავებული ამგვარ ინფორმაციას მიაწვდიდა, პირდებოდნენ, რომ მეორე დღესვე სახლში იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში დიდი ხნით დატოვებდნენ.

პრესკონფერენციაზე ხარებავას ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ზვიად ხარებავას ვერ ექნებოდა ნოღაიდელის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციები, რადგან ნოღაიდელი პოლიტიკაში 1991 წლიდანაა, ხარებავა კი 2005 წლიდან, ამიტომ ნაკლებად სადავარაუდოა, ნოღაიდელს რომც ჰქონოდა კორუფციული გარიგებები, ხარებავასთვის მოეყოლა.

„ამის შემდეგ, ხარებავას შესთავაზეს კონკრეტული ფაქტის დადასტურება, რომ ზურაბ ნოღაიდელსა და ერთ-ერთ კუვეიტელ ბიზნესმენს შორის შედგა გარიგება, რომლის შედეგადაც ნოღაიდელმა ქრთამის სახით უცხოელი ბიზნესმენისგან აიღო თანხა. ხარებავამ არ დაუდასტურა“.

ზვიად ხარებავას საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა მიმართვა და უკვე გადაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსებს და მედიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი