სამართალი

ფუქსისა და ფრენკელის სასამართლო დასასრულს უახლოვდება

17 მარტი, 2011 • • 1173
ფუქსისა და ფრენკელის სასამართლო დასასრულს უახლოვდება

კადრი ბიზნესმენების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარული ჩანაწერიდან.
კადრი ბიზნესმენების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარული ჩანაწერიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. შემაჯამებელი მოსმენები ორშაბათსა და ოთხშაბათს არის დაგეგმილი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბიზნესმენების ინტერესების დამცველმა, ქართველმა იურისტმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

კბილაშვილის თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანისა და ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვასთან დაკავშირებით.

ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში სპეცოპერაციის შემდეგ დაკავეს. საქმეს დიდი გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო მედიაში. Fox News წერდა, რომ ქართველი სამართალდამცავების მტკიცებით, დაკავებულები შეეცადნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოქრთამვას, რათა მას შეეწყვიტა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლის მიხედვითაც, ქართულ მხარეს ფუქსისთვის და მისი სხვა პარტნიორი – ბერძენი იონის კარდასოპულოსისთვის $100 მილიონი უნდა გადაეხადა. არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიზეზია ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მან ფუქსთან და კარდასოპულოსთან 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მალევე გააფორმა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გარიგება არეულობის დროს დაიდო და ამით ფუქსმა და კარდასოპულოსმა ხელი მოითბეს.

საკუთარ მოქალაქეებს აქტიურად იცავს ისრაელის ხელისუფლება. ქვეყნის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ტელეფონით საუბრისას მიხეილ სააკაშვილს პირადად სთხოვა სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვისთვის თვალყურის დევნება. ისრაელი საკუთარი დაკავებული ბიზნესმენების პოზიციას იზიარებს და მათ უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გარდა ამისა, ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ რეუვინ რივლინმა თავის კოლეგას, დავით ბაქრაძეს დაურეკა და მარტში დაგეგმილი ვიზიტის გადადება სთხოვა. მიზეზად კი ისრაელის ხელისუფლებაზე საზოგადოების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა დაასახელა. ქნესეთის დეპუტატები და ისრაელის სხვა მოქალაქეები ხელისუფლებისგან ფუქსისა და ფრენკელის ბოლომდე დაცვას მოითხოვენ.

„დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს იმდენად, რამდენადაც არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” გუშინ განუცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჩაატაროს მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობის ვიზიტი ან  – არა.

დაკავებული ბიზნესმენების მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს გუშინ „ეროვნული საბჭოს“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა. მათი აზრით, ბიზნესმენები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებული  და ისინი ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ფუქსისა და ფრენკელის დაკავებით ისრაელ-საქართველოს ურთიერთობები უარესობისკენ შეიცვალა. მათი აზრით, ამ ურთიერთობების მოგვარება ბიზნესმენების გათავისუფლებითაა შესაძლებელი.

დაკავებულების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში საქმეს დეტალურად იცნობს, რადგან საელჩოს წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში გამართულ ყველა პროცესს ესწრებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი