სამართალი

საია დევნილთა სამინისტროს კომპენსაციების გაცემისკენ მოუწოდებს

12 მარტი, 2011 •
საია დევნილთა სამინისტროს კომპენსაციების გაცემისკენ მოუწოდებს

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდებს. საია-ს განცხადებაში წერია, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა ნაწილს საკომპენსაციო თანხა დღემდე არ მიუღიათ, თუმცა, მათ კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინეს განცხადებები სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების  სანაცვლო კომპენსაციის მისაღებად/

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ 2011 წლის 28 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც არნიშნულია, რომ „ე.წ. კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, რადგან იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული  კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა. ეგრეთწოდებული კომპენსაციების თემა ამოწურულია, მიმდინარეობს რეგიონებში ფართების განაწილება.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს პოზიცია  ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2008 წლის #915-ე, 2009 წლის 24 ივლისის #534-ე და 2010 წლის 3 ივლისის #856-ე განკარგულებებს და არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. კერძოდ, დასახელებული განკარგულებების თანახმად, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის  ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე”. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, “საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.”

აქედან გამომდინარე, საია მოუწოდებს სამინისტროს შეასრულოს ზემოთ დასახელებული განკარგულებებით დაკისრებული ვალდებულება ყველა იმ ოჯახთან მიმართებაში, რომელთაც კანონმდებლობა კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს და დააკმაყოფილოს ისინი საკომპენსაციო თანხით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომპენსაციის გარეშე დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებს უკვე სასამართლოშიც იცავს. აგვისტოს ომის შემდეგ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ედგარ ყაზახაშვილი ლტოლვილთა სამინისტროსგან კომპენსაციის, 10 ათასი აშშ დოლარის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 10 მარტს მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ ჩაატარა. საქმის არსებითი განხილვა კი 24 მარტსაა დაგეგმილი. ედგარ ყაზახაშვილის ინტერესებს სასამართლოში საია-ს იურისტი ნინო ქურდოვანიძე წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი