სამართალი

წულუკიანი: 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი დროით აღარ დაინიშნებიან

2 თებერვალი, 2016 • 1075
წულუკიანი: 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი დროით აღარ დაინიშნებიან

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გაითვალისწინა ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის რეკომენდაციები იმ მოსამართლეების 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელთაც უკვე დაასრულეს მოსამართლეობის 10–წლიანი ვადა.

მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი აპირებს, რეფორმიდან ამოიღოს ამ მოსამართლეებისათვის 3–წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება, იგი აცხადებს, რომ კვლავ ამ პოზიციაზეა. მან  2 თებერვალს მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ცვლილების დეტალები განმარტა:

“ერთადერთი საკითხი, რაზეც ვერაფრით ევროპელი ექსპერტები, კოლეგები, სტრუქტურები ვერ დავაყენეთ ჩვენს პოზიციაზე, არის ის, რომ ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ის მოსამართლეები, ვინც 10 წელი იმსახურა, თუკი მათ გაუმართლებთ კონკურსში და იქნებიან თავიდან დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი იმსახურეს, მაინც მათ ეხებოდათ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს პოზიცია არის დღესაც ჩემი პოზიცია და ძალიან მომწონს.

მაგრამ საქარველოს მოსამართლეთა კორპუსი, ევროპარლამენტი, ვენეციის კომისია, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს იდეა არ უნდა იქცეს კანონად. ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რომ სხვადასხვა კრიტიკის მოსმენამ, მათ შორის, ევროპიდან, მიაღწია უკვე იმ კრიტიკულ მასას, რომ უნდა იქნეს ყურადღებული და თუ არ იქნება 3-წლიანი პრობაციის ვადა, ჩვენ ამ მხრივ რეფორმაში შევიტანთ ცვლილებებს.
მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს ავტომატურად გადანიშვნას, არ იქნება ავტომატური გადანიშვნები. თუ კონკურსში გაიმარჯვებს ის მოსამართლე, რომელმაც 10 წელი იმსახურა, მისი 3 წლით პრობაცია აღარ იქნება კანონში,”– განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი