სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

16 თებერვალი, 2011 | | 1624
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2011 წლის 15 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლომ საქმეზე “ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ” (საქმე # 35403/06) გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლომ დადგენილად ცნო მოპასუხე სახელმწიფოს (საქართველოს) მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რადგან 2005 წელს ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე არ ჩატარდა დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება.

საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ცინცაბაძეს მისჯილი ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2005 წლის 6 ივლისიდან სასჯელს იხდიდა ხონის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2005 წლის 30 სექტემბერს ზ. ცინცაბაძე ჩამოხრჩობილი იპოვეს ციხის საკუჭნაოში. გამოძიების ვერსიით, ზ. ცინცაბაძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ციხეში ე.წ. “ობშიაკის” ვალის გამო მოკლეს.

საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ. ცინცაბაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ჩატარებული იქნა არაერთი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები და უზუსტობები, რის გამოც ბევრი შეკითხვა ზ. ცინცაბაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე პასუხგაუცემელი დარჩა.

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიერ დაშვებულ ხარვეზებს შორის სასამართლომ შემდეგი საკითხები გამოყო:

“[…] ციხის თანამშრომლებმა, რომლებიც […] ლოგიკურად დაბნეულები და შეშფოთებულები უნდა ყოფილიყვნენ ნანახით, ფეხსაცმელები გახადეს გარდაცვლილს, გაუჩხრიკეს ჯიბეები და დანაშაულის ადგილიდან გაიტანეს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის სკამები და ე.წ. „ადიალისგან“ გაკეთებული თოკი, რომლის საშუალებითაც, სავარაუდოდ, ჩამოიხრჩო თავი პატიმარმა”.

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გარდა სტრანგულაციის კვალისა, რომელიც დადგენილი იყო გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, გვამს კისერზე აღმოაჩნდა სხვა დაზიანებაც, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო გამოწვეული, თუმცა, გამოძიება მოქმედებდა ცალმხრივად, დაეყრდნო რა მხოლოდ გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს.

სასიყვარულო წერილი, რომელიც ვითომდა დაწერილი იყო გარდაცვლილის მიერ თავისი ყოფილი ცოლისადმი და რომელსაც გამოძიება დაეყრდნო, როგორც თვითმკვლელობის მიზეზს, დათარიღებული იყო თითქმის ერთი თვით გვიანდელი თარიღით ზ. ცინცაბაძის გარდაცვალებიდან. გარდა ამისა, წერილი დაწერილი იყო ვინმე “ნინოსადმი”, მაშინ, როცა ზ. ცინცაბაძის ყოფილი ცოლის სახელი იყო მაკა. ამასთანავე, წერილი აღმოჩენილი იქნა მორგში გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. სასამართლომ აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით აღნიშნა: “აღნიშნული მტკიცებულების სანდოობა ვერ უძლებს მცირეოდენ კრიტიკასაც კი”.

საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიძიეს ზ. ცინცაბაძის მკვლელობის ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მუდმივად აცხადებდა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა ე.წ. “ობშიაკში” ფულის შეტანასთან დაკავშირებით და რამდენჯერმე სთხოვა მის ოჯახის წევრებს სწორედ ამ მიზნით ფულის ჩარიცხვა. გამოძიებას სრულყოფილად ასევე არ გამოუძიებია ზ. ცინცაბაძესთან ერთად ციხეში მყოფი პატიმრის ჩვენება ზ. ცინცაბაძის ვალებთან დაკავშირებით და რომ ამის გამო მას პრობლემები ჰქონდა სხვა გავლენიან პატიმრებთან,”ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დაეკისრა მორალური ზიანისათვის 15 ათასი ევროს გადახდა განმცხადებლის – ზურაბ ცინცაბაძის დედისათვის. ევროპის სასამართლოში განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი