სამართალი

სასამართლოებისადმი ნდობის საკითხს თავად სასამართლოები იკვლევენ

15 თებერვალი, 2011 • 1265
სასამართლოებისადმი ნდობის საკითხს თავად სასამართლოები იკვლევენ

„ოზურგეთის და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამოკითხულთა 66 პროცენტი ენდობა სასამართლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართ კი ნდობა გამოკითხული რესპონდენტების 67 პროცენტმა დააფიქსირა,“ – ამ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს იმ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც თავად სასამართლოს მიერ იქნა ჩატარებული.

სასამართლოებმა მომხმარებლების კვლევა გასული წლის დეკემბერიდან საკუთარი რესურსებით დაიწყეს.

„საქმის გადაწყვეტის ვადები, სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან დამოკიდებულის შეფასება, სასამართლოს მხრიდან ინფორმაციის გაცემის პროცედურების სიმარტივე, სასამართლოში მისაღები ადგილების კომფორტულობის შეფასება – ასეთი გახლდათ იმ კითხვების ძირითადი ჩამონათვალი, რომელსაც სპეციალურად დატრენინგებული სტაჟიორები სასამართლოში მოსულ მოქალაქეებს უსვამდნენ. გამოკითხულთა ძირითად ნაწილს ადვოკატები და პროცესზე დამსწრე პირები შეადგენდნენ,“ – განმარტავენ უზენაეს სასამართლოში.

კვლევები ამ ეტაპზე განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ასევე, ხელვაჩაურის, ოზურგეთისა და ხაშურის რაიონულ სასამართლოებში.

“გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ მდგომარეობა სასამართლოში ყველა მიმართულებით გაუმჯობესებულია, რაც აისახა კიდეც სასამართლოს მიმართ მოქალაქეების მხრიდან გაზრდილ ნდობაზე. გამოკითხვების მიზანი ციფრების დაფიქსირება არ გახლავთ. ყველა ასეთ კვლევას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – სასამართლოებში არსებული პრობლემების დანახვა, მათი ანალიზი და სიტუაციის გამოსწორებაზე მუდმივი ზრუნვა. როცა სიტუაციას იკვლევ, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობის შეფასებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნავ”, – აცხადებენ უზენაეს სასამართლოში. მათივე თქმით, სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვებს სასამართლოები მომავალშიც გააგრძელებენ.

სასამართლოებისადმი ნდობის ამაღლების საილუტრაციოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გასული წლის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევები დაასახელა. კოტე კუბლაშვილის თქმით, შარშან სასამართლო სისტემის საქმიანობის შესახებ კვლევა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და  DPK Consulting–მა განახორციელა.

“ამ კვლევების მონაცემები თითქმის იდენტურია. კვლევების შედეგებით, მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 77%-მა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ საქმეებზე იყო სამართლიანი და ობიექტური”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გასული წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

ნეტგაზეთი  აღნიშნულ კვლევების დეტალურად გასაცნობად მაშინ დამკვეთ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რის შედეგადაც კუბლაშვილისგან გაცხადებული ინფორმაციისგან სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, DPK-ის ცალკე კვლევა საქართველოს სასამართლოებში არ ჩაუტარებია: USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, DPK-ის დაკვეთით სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა ორგანიზაცია IPM-მა განახორციელა. სხვა, რაიმე ცალკე კვლევა USAID-ს არ ჩაუტარებია. სასამართლოს მიმართ  მოსახლეობის  ნდობის საკითხის გარკვევას შეეხებოდა მხოლოდ UNDP–ის მიერ ჩატარებული კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულ ნდობას გამოკითხულთა 17% უცხადებდა.

ერთადერთი კვლევა, რომლის მონაცემებიც ემთხვეოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ ციფრებს, თავად უზენაესი სასამართლოს მიერ იყო ჩატარებული. უზენაეს სასამართლოში მაშინ ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს კვლევა უზენაესი სასამართლოსა და USAID–ის მიერ ჩატარდა გასული წლის მაისში, რაზეც USAID-კავკასიის სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტის კოორდინატორმა ნათია კუკულაძემ განმარტა, რომ “ეს იყო პრაქტიკანტების დონეზე ჩატარებული კვლევა”: ”ჩვენ დავეხმარეთ კითხვარის მომზადებაში, ეს იყო კონსულტაციის დონეზე, ეს იყო უფრო შიდა მოხმარებისთვის ჩატარებული კვლევა, არა სამეცნიერო. ამ კვლევას ვერ გავზომავთ, კვლევის გაზომვა შესაძლებელია, როდესაც პროფესიონალები მუშაობენ მასზე, ეს იყო რამდენიმე მარტივი  კითხვისგან შემდგარი კვლევა, რომელსაც სასამართლოში შესულ მომხმარებლებს უსვამდნენ პრაქტიკანტები და შემდეგ მარტივად, მათემატიკურად, არითმეტიკის დონეზე დაითვალეს შედეგები”.

როგორც ჩანს, მომავალში მსგავსი უხერხულობების თავიდან აცილებას ემსახურება ის ფაქტი, რომ სასამართლოები ამჯერად საკუთარი რესურსებით (სპეციალურად დატრენინგებული სტაჟიორების საშუალებით) ახორციელებენ მომხმარებელთა კვლევას, რომელიც, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების თქმით, „მომხმარებელთა სერვისის შეფასებასა და სასამართლოს მიმართ ნდობის პროცენტულ მაჩვენებელს ასახავს.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ „ყველა პარამეტრის მიხედვით, მდგომარეობა აღნიშნულ სასამართლოებში (ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხელვაჩაურის, ოზურგეთისა და ხაშურის რაიონულ სასამართლოებში) დადებითად იქნა შეფასებული, რაც საბოლოო ჯამში, სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაში გამოიხატა.“ პრეს–რელიზში არაფერია ნათქვამი კვლევის მეთოდოლოგიასა და გამოკითხულთა სტატისტიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი