სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო: თეა წულუკიანის განცხადება უპასუხისმგებლო და ტენდენციურია

26 იანვარი, 2016 • 1188
საკონსტიტუციო სასამართლო: თეა წულუკიანის განცხადება უპასუხისმგებლო და ტენდენციურია

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ტენდენციური და უპასუხისმგებლოა თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 25 იანვარს განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმით საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს წევრზე, რომელსაც განსხვავებული აზრის შესადგენად დრო სჭირდება:

“ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე; გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს, თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება და იძახოს, რომ ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო.  და სამუდამოდ,  მაგალითად,  რომელიმე საკონსტიტუციო მოსამართლემ გაიხანგრძლივოს თავის ვადა ხელოვნურად – ვერც ამას ვერ შეძლებს.“

საკონსტიტუციო სასამართლომ კი დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ მინისტრის განცხადებით შეშფოთებულია:

“იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი რეფორმა თითქოს  განპირობეულია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ აქვს  განსხვავებული აზრის გამოთქმის გარანტირებული უფლება.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მისი გამოქვეყნების უფლება უზრუნველყოფილია როგორც კანონმდებლობით, ასევე დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით. არც ერთ საქმეზე არც ერთ მოსამართლეს არასოდეს ჰქონია განსხვავებული აზრის დაწერასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეფერხება.

საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი არსებობის მანძილზე, არაერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი დაწერილა, მათ შორის ისეთიც, რომელიც სამომავლო გადაწყვეტილებებს დასდებია საფუძვლად. ამდენად, ყველას, მათ შორის იუსტიციის მინისტრსაც, აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ გამოქვეყნებულ არაერთ განსხვავებულ აზრს.

აშკარაა, რომ განცხადების გაკეთებისას იუსტიციის მინისტრი აპელირებდა  საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“   მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებასთან დაკავშირებით განვითარებულ სამწუხარო მოვლენებზე.

შევახსენებთ ქალბატონ მინისტრს, რომ აღნიშნული საქმე სათათბირო ოთახში მოსამართლეთა მიერ განიხილებოდა თითქმის 2 თვის განმავლობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, არაერთგზის გამოეხატა საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილების საბოლოო პროექტს კენჭი ეყარა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე, რა დროსაც მოსამართლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა,  საბოლოოდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია და სურვილის შემთხვევაში დაეწერათ განსხვავებული აზრი.

საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან,  არ არის და არც უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისფლების მიერ მის გამოქვეყნებაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გადაწყვეტილების გამოცხადება ემსახურება გადაწყვეტილების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და არ შეიძლება განხილულ იქნეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის წინა პირობად,”– აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი